ფონდი „ქართუ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციას გამართავს
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი (ხელმღვანელი ანზორ ერქომაიშვილი) გამართავენ ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციას.
„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკის და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.
წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსს და მისი მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს.
პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვ.
სამტომეულის ავტორების მიზანია, ეს ნაშრომი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს.
პრეზენტაციას დასწრებიან საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის წარმომადგენელი ნადია გოცირიძე-კოლუმბუსი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.