Follow the Money - „უნილევერმა“ გასულ წელს რუსეთში მოგება გააორმაგა, თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არ დაურღვევიათ დაპირებები, რომელიც ქვეყანაში ოპერირების მასშტაბების შემცირებას ითვალისწინებდა
Follow the Money - „უნილევერმა“ გასულ წელს რუსეთში მოგება გააორმაგა, თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არ დაურღვევიათ დაპირებები, რომელიც ქვეყანაში ოპერირების მასშტაბების შემცირებას ითვალისწინებდა

„უნილევერმა“ გასული წლის განმავლობაში რუსეთში მოგება გააორმაგა, თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათ არ დაურღვევიათ დაპირებები, რომელიც ქვეყანაში ოპერირების მასშტაბების შემცირებასა და მხოლოდ პირველადი საჭიროების საკვების, ასევე ჰიგიენური პროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებდა, – ამის შესახებ თავის ანგარიშში იუწყება საგამოძიებო ჟურნალისტიკის პლატფორმა Follow the Money.

მათი თქმით, კომპანიამ დახარჯა უფრო მეტი რუსეთში რეკლამაზე, მიუხედავად განცხადებისა, რომ საერთოდ შეწყვეტდნენ რეკლამირებას ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2021 წელს რუსეთში „უნილევერის“ მოგებამ 4.8 მილიარდი რუბლი (56 მილიონი ევრო) შეადგინა. 2022-ში კი მოგებამ 9.2 მილიარდ რუბლს ( 108 მილიონი ევრო) მიაღწია, რაც Follow the Money-ს თქმით, ასევე ნიშნავს, რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით შეტანილ მეტ თანხას, უფრო ზუსტად კი 38 მილიონ ევროს, განსხვავებით 2021 წლის 14 მილიონისგან.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს „უნილევერმა“ რუსეთში განთავსებულ რეკლამაში 259 მილიონი ევრო დახარჯა, რაც 10%-ით მეტია 2021 წლის სარეკლამო ხარჯებთან შედარებით.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიცავს პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები და ჰიგიენა, Follow and Money -ში მიიჩნევენ, რომ მაგნუმისა და კორნეტოს ნაყინები და კოსმეტიკა, სავარაუდოდ, არ უნდა განეკუთვნებოდეს პირველადი საჭიროების საკვებს, თუმცა ისინი რუსეთში მაინც იყიდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში „უნილევერმა“ პრესრელიზში განაცხადა, რომ მათ 15 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება და საკვები მიაწოდეს უკრაინას და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განმარტა რუსეთის ბაზარზე დარჩენის მიზანი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ დარჩენა უკეთესი ვარიანტია, როგორც პრევენცია ჩვენი კომპანიის პირდაპირი თუ ირიბი გზით რუსეთის ხელში აღმოჩენისთვის და ჩვენი ხალხის დასაცავად“, – აღნიშნულია პრესრელიზში. განცხადების ტექსტიდან ასევე ამოღებული იყო ტერმინი „აუცილებელი“ საკვებისა და ჰიგიენის პროდუქტებთან მიმართებაში, რომლის მიწოდებასაც კომპანია რუსეთისთვის განაგრძობს და ის შეიცვალა „ყოველდღიური საკვებითა და ჰიგიენის პროდუქტებით“.

Follow the Money-ის სტატიის საპასუხოდ, „უნილევერის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიას არ დაურღვევია დაპირებები და ასევე არ განუხორციელებია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავისი ბრენდის რეკლამა რუსეთში. პრესსპიკერის თქმით, „სტატიაში ნახსენები რეკლამირება განხორციელდა რითეილერების ან მომხმარებლების მიერ და კონტრაქტი ამისთვის 2022 წლის მარტამდე იყო გაფორმებული“.