ფოლკლორულ ანსამბლ „წინანდალს“ 35 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე ვარსკვლავს გაუხსნიან.
საზეიმო საღამო დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
ანსამბლი „წინანდალი“ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს წევრად აირჩიეს. როგორც პირველ არხს ანსამბლის წევრმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, ამის დამადასტურებელ შესაბამისი დიპლომს და დოკუმენტაციას მათ დღეს გადასცემენ.
„ანსამბლში თავიდან 15 წევრი ვიყავით. სამწუხაროდ, ბოლო წლებში გამოგვაკლდა ბევრი და დღეს რვა წევრიღა დავრჩით. ანსამბლის არსებობის ისტორიაში უამრავი კონცერტი გაგვიმართავს საქართველოში და საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაში. დღეს საიუბილეო კონცერტზე სტუმრად ჩამოვა „არგენტინის ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტი ბარბარა ტომასონ ვიუ, რომელიც ამ საბჭოს საპატიო წევრობის დიპლომს გადმოგვცემს“, – განაცხადა ურჩუხიშვილმა.
ანსამბლ „წინანდალს“ 35 წლის იუბილეს მიულოცავს ანსამბლი „რუსთავი“ და „ქართული ხმები“.
ანსამბლ „წინანდალის“ ვარსკვლავი თელავის მუსიკალური სასწავლებლის წინ გაიხსნება.