წინანდალში მოკლული სამი პირის ცხედრებს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ, ორი დაჭრილი კი საავადმყოფოში რჩება
წინანდალში მოკლული სამი პირის ცხედრებს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ, ორი დაჭრილი კი საავადმყოფოში რჩება

წინანდალში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლული სამი პირის ცხედრებს გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

რაც შეეხება შემთხვევის შედეგად დაჭრილ კიდევ ორი მამაკაცს, ისინი ყამბარაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული, სადაც შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ.

„ორი მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა. მათ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ, რომელიც დაუმუშავდათ და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ“, – განაცხადა ექიმმა რატი ტურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთი, 46 წლის მამაკაცი ბინაზე, ხოლო 29 წლის მამაკაცი სტაციონარში გააგრძელებს მკურნალობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კახეთის რეგიონში მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მოკლულია სამი პირი.