წინანდალში ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართა
წინანდალში ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართა

საქართველო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტს მასპინძლობს. ვიზიტის მეორე დღე წინანდალში, „რადისონ ქოლექშენში“ ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომით გაიხსნა.

ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირებსა და ქართულ მხარეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი მიესალმნენ.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს საქართველოში ვიზიტი ალიანსის ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულების კიდევ ერთი დასტურია და აღსანიშნავია, რომ საქართველო სარგებლობს ნატო-ს უპრეცედენტო მხარდაჭერით, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური, საექსპერტო და პრაქტიკული დახმარებით გამოიხატება.

მხარეებმა პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პრაქტიკულ ასპექტებზე, თავდაცვის სისტემასა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

ამასთან, ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი ინფრასტრუქტურა და სისტემები დადებითად შეაფასეს და ქართული ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნისა და თავსებადობის დონე აღნიშნეს. ნატო-ს მხარემ საერთო უსაფრთხოების ძალისხმევაში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გამოთქვა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, საქართველოში ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ალიანსის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ადმირალ რობ ბაუერს ოფიციალურად მივულოცო სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა. ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი, რომელიც ჩემს ქვეყანაში უკვე მეოთხედ იმართება, ადასტურებს თქვენი მხრიდან მზარდ მხარდაჭერასა და ალიანსსა და საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალ წევრს, შორის კიდევ უფრო აძლიერებს თანამშრომლობას. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნატო-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ გაგვამხნევა შეერთებულ შტატებში გენერალური მდივნის სტოლტენბერგის ახლახანს გაკეთებულმა განცხადებამ, სადაც მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არც ერთ მესამე მხარეს ჩვენს ურთიერთობებში ჩარევის უფლება არ აქვს და კიდევ ერთხელ გამოხატა მოკავშირეების მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს გადაწყვეტილება, გახდეს ნატო-ს წევრი, ძლიერია და ახლა განმტკიცებულია ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით, აქვს საქართველოს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერა, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების უმრავლესობითა და რაც მთავარია – ქართველი ხალხის სურვილით.

რეგიონში უსაფრთხოების გართულებული სიტუაციის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ყოვლისმომცველ თავდაცვის რეფორმების განხორციელებას. იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები იყოს ყველაზე ეფექტიანი, შედეგიანი და მდგრადი, ჩვენ გადავედით გრძელვადიან დაგეგმარებაზე. წელს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ორი  – სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტი და დოკუმენტი დაგეგმვის მიმართულებით: თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030 და ახალი სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა 2021-2025 წლების პერიოდისთვის. მომავალ წლებში ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე -ჯავშანსაწინააღმდეგო; საჰაერო თავდაცვითი; არტილერია; დაზვერვა; საინჟინრო; კიბერთავდაცვითი შესაძლებლობები; ინსტიტუციური განვითარება – ამოცანით მართვა, ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, სამხედრო განათლება და წვრთნა, რეზერვი და მობილიზაცია; საერთაშორისო თანამშრომლობა და თავდაცვის უწყებაში შემავალი სამხედროების ოჯახებზე ზრუნვა. ამ რთულ პროცესში, ნატოსგან მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად, ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ძირითადი სისტემების შეძენასა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ეროვნული ძალისხმევის გარდა, თავდაცვის ამბიციური რეფორმების სისრულეში მოყვანა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების საშუალებით საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს.

„ვაგრძელებთ ნატო-სთან ყველა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებს, ზრდის მის ურთიერთთავსებადობას ალიანსთან და ეხმარება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაში. ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში პროგრესის მიღწევა რთული იქნებოდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება ჩვენი მეგობრების მიმართ ამ რთულ გზაზე აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. ჩვენი მხრიდან გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და მიზნების მიმართ. დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენ ვიქეცით უსაფრთხოების მომხმარებლებიდან უსაფრთხოების მიმწოდებლებად, თავდაცვის სისტემებისა და პერსონალის სრულყოფილი განვითარების გზით. ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობითა და ჩვენი შესაძლებლობით, მხარი დავუჭიროთ ალიანსს საერთაშორისო მისიის დასრულების შემდეგაც ნატოს სტანდარტების შესაძლებლობებით, არის ამის ნათელი მაგალითი. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო, როგორც კრიტიკული პარტნიორი და მომავალი წევრი ქვეყანა, არის შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი მისი სტრატეგიული ლოკაციითა და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით და აქვს დიდი პოტენციალი და სურვილი, განაგრძოს ნატოს მხარდაჭერა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის ფარგლებს მიღმა. იმედი გვაქვს, ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამასთან, როგორც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნატო-სა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ.

„წელს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა საქართველოსთან უკვე მეორედ იმართება, საქართველო კი სხდომას მეოთხედ მასპინძლობს. რუსეთის მხრიდან მომდინარე პერმანენტული საფრთხე საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მუდმივი პროვოკაციები სამეზობლოში და უსაფრთხოების მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში რჩება გამოწვევად საქართველოსთვის და ალიანსისთვის. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მუდმივად არის სანდო უსაფრთხოების მიმწოდებელი ნატოს მხარდამხარ ავღანეთში 2004 წლიდან და პარტნიორ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი განსაცვიფრებელი ძალისხმევისთვის, რომელიც ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოავლინეთ და მინდა, გავიზიარო თქვენი მწუხარება დაღუპული 32 სამხედრო მოსამსახურის გამო, რომლებმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღეს და პატივისცემა გამოვხატო ბრძოლის ველზე დაჭრილი 435 სამხედრო მოსამსახურის მიმართ.

გვინდა, შევაქოთ რეფორმირების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც უნდა გააგრძელოთ და რომელიც ეხმარება საქართველოს გააძლიეროს მისი თავდაცვითი შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა ალიანსთან. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან უსაფრთხოების მიმართულებით შავი ზღვის რეგიონში რუსეთიდან მომდინარე მზარდი დესტაბილიზაციის მცდელობების პასუხად და მივესალმებით განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მათ შორის მდგრადობის ჩამოყალიბებაში ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, წვრთნებისა და სწავლებების მიმართულებით და უსაფრთხო კომუნიკაციების კუთხით. შავი ზღვის რეგიონი, რა თქმა უნდა, არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო. კიდევ ერთხელ დავადასტურე ნატოს მტკიცე და აქტიური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საზღვაო მიმართულებით ქართველ ოფიციალურ პირებთან ჩემს შეხვედრებზე და მოუთმენლად ველოდები შავ ზღვასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგს.

დღევანდელი დღის წესრიგი მოიცავს უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვას, თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ასევე მიმოვიხილავთ საქართველოს კონტრიბუციას ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში. სიტყვას გადავცემ მინისტრ ბურჭულაძეს და ქართველ სპიკერებს“, – განაცხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.