ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის დავალებით რუსთაველზე აქციის მიმდინარეობას ვაკვირდებით
პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ის აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და განუცხადა, რომ აღნიშნულ აქციას პრეზიდენტის დავალებით აკვირდებიან.
„აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება რომ იყოს უზრუნველყოფილი, ყველაფერი უნდა გააკეთონ შესაბამისმა ორგანოებმა, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის ესკალაცია ან პროვოკაციული მოქმედებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის დავალებით ვაკვირდებით ამ აქციის მიმდინარეობას და მომავალშიც დავაკვირდებით.
ის, რომ განხორციელებული სპეცოპერაციის გარშემო არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, უკვე ფაქტია და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაიცემა ოფიციალური ორგანოებისგან, შეკითხვები უფრო მატულობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, უმოკლეს ხანებში ამ შეკითხვებს გაეცეს ამომწურავი პასუხი, საზოგადოებამ მიიღოს ცხადი ინფორმაცია. დანარჩენი, რა ნაბიჯებს გადადგამენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ეს თავად მათი გადასაწყვეტია და შესაბამისად, რა რეაქცია ექნება შესაბამის ორგანოებს, ამასაც ყველანი ერთად ვნახავთ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პარლამენტთან აქციაზე ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან.