ფიქრია ჩიხრაძე - ერთი წელი გავიდა ხორავას ტრაგედიიდან და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა ვერ მიიღო მთავარ კითხვებზე პასუხი
ფიქრია ჩიხრაძე - ერთი წელი გავიდა ხორავას ტრაგედიიდან და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა ვერ მიიღო მთავარ კითხვებზე პასუხი

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არ არის პასუხი, თუ ვინ არის მკვლელი. მისი თქმით, სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა.

„ახლახან ჩავატარეთ არჩევნები, რომლის მთავარი ლოზუნგი, მთავარი გენერალური ხაზი იყო „არა ძალადობას“. უპირველეს ყოვლისა, ამაში იგულისხმება ძალადობა ადამიანზე სახელმწიფო მანქანის მხრიდან. რამდენიმე თვეა, ვხედავთ ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ შვილმკვდარ მამებს, რომლებიც რუსთაველზე, პარლამენტის წინ სხედან. დღეს ერთი წელი გავიდა ხორავას ტრაგედიიდან და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა ვერ მიიღო მთავარ კითხვებზე პასუხი, ვინ არის მკვლელი, რატომ არ ჩატარდა სათანადო გამოძიება და რატომ არ დაისაჯნენ ან რატომ ხდება ხელის დაფარება ადამიანებზე, რომლებიც ამ საქმეში ასე ვთქვათ, ყველა მონაცემით ფიგურირებდნენ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც არ ჩატარდა სანდო გამოძიება, ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც არსებობს სერიოზული კითხვები და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შესაბამის ორგანოებს, მთლიანად „ქართულ ოცნებას“, რომლის პასუხისმგებლობაც არის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, რომ თუ არ მივიღეთ მთელ რიგ საკითხებზე ამომწურავი პასუხები, ეს ყველაფერი ემატება იმ მწვავე პრობლემებს, რომლებიც ისედაც არის დაგროვილი საზოგადოებაში. ამის გამო, საზოგადოებაში არის განცდა უსამართლობის თაობაზე, არის დაუცველობის განცდა, რაც ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ზიანს და ჩრდილს აყენებს ქართულ დემოკრატიას და საბოლოო ჯამში, პრობლემას უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართა.