ფინეთის მთავრობამ პარლამენტს ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ ანგარიში და შეფასებები წარუდგინა, რომელიც ნატო-ს შესაძლო წევრობას უკავშირდება
ფინეთის მთავრობამ პარლამენტს ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ ანგარიში და შეფასებები წარუდგინა, რომელიც ნატო-ს შესაძლო წევრობას უკავშირდება

ფინეთის მთავრობამ პარლამენტს ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ ანგარიში და შეფასებები წარუდგინა, რომელიც ნატო-ს შესაძლო წევრობას უკავშირდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ანგარიშში ვრცლად არის წარმოდგენილი შეფასება, რამდენად უღირს ფინეთს ნატო-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები თუ გახდებიან, ბალტიის რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურობა გაძლიერდება. შეკავების ეფექტი ნატო-ს წევრობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ძლიერი იქნება, ვიდრე ის ახლაა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება ალიანსის არეალი და გაორმაგდება მისი სახმელეთო საზღვარი რუსეთთან, ალიანსს რუსეთის სტრატეგიულ ტერიტორიებთან კოლის ნახევარკუნძულთან და სანქტ-პეტერბურგთან დააახლოებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრობის შემთხვევაშიც, ფინეთი რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე იქნება ორიენტირებული. ასევე, ალიანსის გაფართოების მიმართ, რუსეთის ნეგატიური დამოკიდებულების გამო, ფინეთი მზად უნდა იყოს „რთულად პროგნოზირებადი რისკებისთვის, როგორიცაა ფინეთ-რუსეთის საზღვარზე დაძაბულობის ზრდა“. ქვეყანამ უნდა გააძლიეროს მზაობა, რამდენადაც ის შესაძლოა, გახდეს ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ქმედებების სამიზნე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შვედეთთან მჭიდრო თანამშრომლობა შესაძლო გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ერთდროული გაწევრიანება, რამდენადაც ეს გაამარტივებს მომზადებასა და რუსეთის შესაძლო რეაქციებზე რეაგირებას.

რაც შეეხება ალიანსთან მოლაპარაკების პროცესს, შეთანხმებაში გაწერილი იქნება, რომ ფინეთი, ნორვეგიისა და დანიის მსგავსად, მშვიდობიან დროს ქვეყანაში ნატო-ს მუდმივ ძალებს, ბაზებსა და ბირთვულ იარაღს საკუთარ ტერიტორიაზე არ განათავსებს.