ფინეთის პრეზიდენტი მოუწოდებს ნატო-ს ლიდერებს, ნაკლებად „მეომარი“ იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ რიტორიკაში და პოტენციური კონფლიქტისთვის მოემზადონ
ფინეთის პრეზიდენტი მოუწოდებს ნატო-ს ლიდერებს, ნაკლებად „მეომარი“ იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ რიტორიკაში და პოტენციური კონფლიქტისთვის მოემზადონ

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი მოუწოდებს ნატო-ს სხვა ლიდერებს, ნაკლებად „მეომარი“ იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ რიტორიკაში და, სანაცვლოდ, მოამზადონ თავიანთი ჯარები პოტენციური კონფლიქტისთვის.

ალექსანდრე სტუბმა „ფაინენშელ თაიმსს“ განუცხადა, რომ უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსული აგრესიის შესახებ ბოლოდროინდელი საჯარო გაფრთხილებები გადახვევაა იმისგან, რაზეც ევროპის ქვეყნებმა რეალურად უნდა გაამახვილონ ყურადღება – დაუყოვნებლივ დაეხმარონ უკრაინას და მოამზადონ არმიები. ამის მიუხედავად, ფინეთის პრეზიდენტს არ სჯერა, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატო-ს 2030 წლამდე.

„ცოტა მაწუხებს საკმაოდ მეომრული საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს, გამოსცადოს მე-5 მუხლი (ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პუნქტი) და რომ ევროპა შემდეგია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ ეს ძალიან საეჭვოა. მოვუწოდებ ყველა ევროპულ სახელმწიფოს, უფრო მეტად დაემსგავსონ ფინელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო იყვნენ მომზადებული. თქვენ უნდა მოემზადოთ უარესისთვის, რათა თავიდან აიცილოთ იგი“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

სტუბის თქმით, ევროპას აქვს „შესაძლებლობის ფანჯარა რამდენიმე წლის განმავლობაში“, რათა შეცვალოს თავისი ცივი ომის შემდგომი ეპოქის „ლა-ლა ლენდის“ აზროვნება, როდესაც ძალიან ბევრი ქვეყანა მიიჩნევდა, რომ ომი ნაკლებად სავარაუდოა. ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირისთვის საქმე ეხება არა მხოლოდ ფრონტის ხაზის ქვეყნების მომზადებას, არამედ ყველას მზადყოფნას. იმ ზომებს შორის, რომლებიც ევროპის სხვა ქვეყნებმა უნდა განიხილონ, ალექსანდერ სტუბმა აღნიშნა სამხედრო გაწვევა, რომელიც ფინეთში სავალდებულოა.

ფინეთის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ნაწილების გაზრდასთან დაკავშირებით რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ სტუბმა განაცხადა: „ჩვენ არ გვაწუხებს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“.