ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული ხდება, მომხმარებელს ინფორმაცია სესხის ან დეპოზიტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე პირადი შეთავაზების დროსაც მიაწოდოს 
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული ხდება, მომხმარებელს ინფორმაცია სესხის ან დეპოზიტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე პირადი შეთავაზების დროსაც მიაწოდოს 

ფინანსურ ორგანიზაცია ვალდებული ხდება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას, მას შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება  „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში” შევიდა. ახალი ცვლილება წესი  2018 წლის 14 მაისიდან ამოქმედდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას.

„კერძოდ, ფინანსურ ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას, მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება, მათ შორის, ისეთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით პროდუქტის შეთავაზებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ინტერნეტ-ბანკი, გადახდის თვითმომსახურების ცენტრები და ბანკომატები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა.შ.

„მაგალითისათვის, თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“, – განმარტავს ეროვნული ბანკი.

კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი; დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მიღებული/მისაღები სარგებელი და აღნიშნული ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების პერიოდი.

ეროვნული ბანკის ცნობით, ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, ამგვარი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ შეთავაზებაში პროდუქტის ფასის განმსაზღვრელ ნებისმიერ პარამეტრს მიუთითებდნენ.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესი, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და შეთავაზების პირობების წინასწარ მიწოდებასა და ამ ინფორმაციის შემდგომ ხელმისაწვდომობას, ასევე მომხმარებელთან ზეპირი კომუნიკაციის სტანდარტებს.

ზემოაღნიშნული ცვლილება შესაბამისობაშია “მომხმარებლის ფინანსური მომსახურების დისტანციური მარკეტინგის” შესახებ ევროდირექტივის მოთხოვნებთან.

გარდა ამისა, განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულება უზრუნველყოს სესხების გამჭვირვალედ ამორტიზაცია, რაც გულისხმობს დარიცხული პროცენტის დაანგარიშებისას ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის გამოყენებას. ასევე, დაზუსტდა ხელშეკრულების ფორმების ნიმუშები მათი შინაარსის უფრო ცხადად გამოხატვისა და მომხმარებლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით.

დეტალური ინფორმაციის გაცნობა განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლებელია ბმულზე.