ფილმის – „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ ჩვენება გაბრიაძის თეატრში იმართება, ტელეპრემიერას კი, დღეს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
დღეს, 22:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე ფილმის – „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ სატელევიზიო პრემიერა გაიმართება.
ტელეპრემიერამდე ფილმის ჩვენებას გაბრიაძის თეატრი მასპინძლობს.
ანიმაციური ფილმი რეზო გაბრიაძის ბავშვობის მოგონებების მიხედვით შეიქმნა. მთხრობელი და ილუსტრაციის მხატვარი თავად რეზო გაბრიაძეა; რეჟისორი კი, მისი შვილი ლევან გაბრიაძე.
ლევან გაბრიაძემ საქართველოს პირველ არხს ფილმის შექმნის ისტორია უამბო.
„1996 წელს, როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი, მამა ჩამოვიდა სტუმრად. ვიფიქრეთ, რადგანაც ანიმაციას ვსწავლობდი, ჩემთვის დაეწერა სცენარი. გამახსენდა, რომ ბავშვობის მოთხრობები ჰქონდა, რომელიც გამოცემული არ იყო. ვთხოვე, გმირები დაეხატა. ეს სამუშაო გაკეთდა, მაგრამ ანიმაციური ფილმის გაკეთება ძნელია და მარტო არ გამოდის. 6-7 წლის წინ ეს იდეა მოვუყევი ჩემს მეგობარს, პროდიუსერსა და რეჟისორ თემურ ბეკმამბეტოვს. მას იდეა ძალიან მოეწონა და გადავწყვიტეთ, პროექტი ჩაგვეშვა. ფილმი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩემი ოჯახის ისტორიის შენარჩუნების მცდელობა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან ოჯახი თუ გინდა იყოს ფესვებიანი, მაშინ ეს მითოლოგია უნდა გადასცე შვილებს და შვილიშვილებს. ასეთი ოჯახის გადარჩენის ისტორიის ფილმი არის“, – აღნიშნა ლევან გაბრიაძემ.
ანიმაციურ ფილმს მაყურებელი ქართულ ენაზე პირველად იხილავს.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ფილმი მაყურებელს დააფიქრებს ცხოვრების არსზე და ადამიანის დანიშნულებაზე.
„ეს არის ფილმი, რომელზეც ალბათ ძალიან ბევრი უნდა ილაპარაკო. ეს არის გენიალური ქმნილება. ქართულ ენაზე იქნება პრემიერა და მაყურებელი მას დღეს პირველად იხილავს. დოჩანაშვილის პერსონაჟის პერიფრაზი რომ გავაკეთო, მინდა, მივულოცო, ვისაც ფილმი ჯერ ნანახი არ აქვს და პირველად ნახვის ბედნიერება ელოდება.
ასე რომ, ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ეს არის მშვენიერი ქმნილება, ფილმი მაყურებელს ძალიან ბევრ რამეზე ჩააფიქრებს, ცხოვრების არსზე, საერთოდ ხელოვნებაზე და ადამიანის დანიშნულებაზე ამქვეყნად“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.