მინეაპოლისის “TCF-არენაზე” გაიმართა ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ფინალური მატჩი (სუპერბოული) “ფილადელფია იგლზსა” და “ნიუ ინგლენდ პეტრიოტს” შორის. “ფილადელფიას” აქამდე არასოდეს ჰქონდა მოგებული სუპერბოული, “ნიუ ინგლენდი” მოქმედი ჩემპიონი იყო, სულ კი ხუთჯერ ჰქონდა (2001, 2003, 2004, 2014, 2017) მოპოვებული ამერიკულ ფეხბურთში უძლიერესი გუნდის სტატუსი.
საყოველთაო აღიარებით, ეს იყო საუკეთესო მატჩი ბოლო 10 წლის განმავლობაში. “ფილადელფიამ” გატეხა ნავსი და მესამე ცდიდან მოიგო სუპერბოული – 41:33 (9:3, 13:9, 7:14, 12:7).
მატჩის MVP გახდა “ფილადელფიას” კვოტერბეკი ნიკ ფოულსი. ის უნიკალური შედეგის ავტორია – ფოულსი პირველი მოთამაშე გახდა სუპერბოულის ისტორიაში, ვინც ერთ კონკრეტულ შეხვედრაში თაჩდაუნში პასი მისცა, აგრეთვე, ჩასათვლელ ზონაში მიიღო გადაცემა. სულ ფოულსის ანგარიშზე ფინალში თაჩდაუნში სამი გადაცემა მოდიოდა.
საინტერესოა, რომ ნიკ ფოულსი სეზონს სათადარიგოს რანგში იწყებდა, მაგრამ რეგულარულ სეზონში “ფილადელფიას” ძირითადმა კვოტერბეკმა კარსონ ვენცმა მუხლის ტრავმა მიიღო და ფოულსმა მისი ადგილი დაიკავა. “იგლზი” არ მიიჩნეოდა სეზონის ფავორიტად, მაგრამ ფინალამდე მივიდა და სუპერბოულიც მოიგო.