„ტვიტერმა“ წელი შეაჯამა და ყველაზე განხილვადი სპორტული მოვლენები, სპორტსმენები და კლუბები დაასახელა
„ტვიტერმა“ წელი შეაჯამა და ყველაზე განხილვადი სპორტული მოვლენები, სპორტსმენები და კლუბები დაასახელა

სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ 2020 წელი შეაჯამა და დაასახელა სპორტის სამყაროში ყველაზე განხილვადი გუნდები, პერსონები და მოვლენები.

„მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ბევრ სახეობაში ტურნირები შეწყდა ან უცნაური სახით გაგრძელდა, სპორტის თემაზე ორი მილიარდი „ტვიტი“ დაიწერა“, – იტყობინება სოციალური ქსელი.

2020 წელს, „ტვიტერში“ ყველაზე განხილვადი კლუბები იყვნენ – „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ (კალათბურთი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ფეხბურთი) და „ბარსელონა“ (ფეხბურთი).

ყველაზე განხილვად თამაშებში პირველ ადგილზე გავიდა ამერიკული ფეხბურთის ფინალი – სუპერბოული. მატჩი 2 თებერვალს მაიამიში გაიმართა და გამარჯვებული „კანზას-სიტი ჩიფსი“ გამოვიდა. ტოპ-სამეულში ასევე მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ (1:0) შორის, აგრეთვე, ამავე ტურნირის მეოთხედფინალი, რომელშიც „ბაიერნმა“ 8:2 გაანადგურა „ბარსელონა“.

ყველაზე განხილვადი ადამიანების ტოპ-ხუთეულში მოხვდა ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი, რომელიც წლის დასაწყისში, ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად დაიღუპა.

„ტვიტერმა“ ასევე ცალკე აღნიშნა სოციალური ინიციატივები, რომლებსაც აქტიურ პოპულარიზაციას უწევდა სოციალური ქსელი. მათ რიცხვში მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის მარკუს რეშფორდის ინიციატივა. კორნავირუსის პანდემიის დასაწყისში, ინგლისელი ფეხბურთელი აქტიურად ლობირებდა დიდ ბრიტანეთში ბავშვებისთვის უფასო სასკოლო კვების შინ მიტანის კანონს.