FIFA-ს მსოფლიო თასი საქართველოშია. მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და კახა ჭუმბურიძე დახვდნენ.
მსოფლიო თასს საქართველოში ვეტერანი ფეხბურთელი, კრისტიან კარამბე ახლავს.
„მიხარია, რომ მსოფლიო თასი თბილისშია. ჩემთვის პატივია, რომ მსოფლიო თასით საქართველოში მე ჩამოვედი. მიხარია, რომ ვხედავ კალაძეს და სხვა ვეტერან ფეხბურთელებს. მადლობა „კოკა-კოლას“, რომელიც ამ ტურის ინიციატორია“, – აღნიშნა კრისტიან კარამბემ.
2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო „თბილისი მოლში“ დღეს 13:00 საათიდან განთავსდება. დამთვალიერებლებს მისი ნახვა დღის ბოლომდე შეეძლებათ.
მსოფლიო თასი საქართველოში თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და „კოკა-კოლას“ პარტნიორობით ჩამოვიდა.
მსოფლიო თასი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ექვსივე კონტინენტის 51 ქვეყნის 91 ქალაქში იმგზაურებს.
თბილისში ჩამოტანამდე, მსოფლიო თასი გუშინ ერევანში იმყოფებოდა.
თასის მოგზაურობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში დასრულდება.
მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთში გაიმართება. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ექსკლუზიურად პირველი არხი შემოგთავაზებთ.