ფეოდოსიაში ნავთობტერმინალის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან, ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ფეოდოსიის ნავთობტერმინალის მიმდებარე რაიონებიდან ათასზე მეტი ადამიანი დროებით თავშესაფრებში გადაანაწილეს, აღნიშნულ ნავთობბაზაზე ხანძარს უკვე მეორე დღეა, ვერ აქრობენ.
ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, კრემლის მიერ დანიშნულმა ფეოდოსიის მერმა გაავრცელა.
„საგანგებო სიტუაციის ადგილთან ახლოს მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შავი ზღვის სანაპიროსა და ბლიჟნი კამიშის რაიონებიდან 1047 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დროებითი განთავსების პუნქტებში“, – დაწერა იგორ ტკაჩენკომ „ტელეგრამში“.
მისივე თქმით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ხალხი განათავსეს ქალაქში მდებარე სასტუმროებსა და პანსიონატებში. ტკაჩენკოს თქმით, ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულები არ არიან.
ფეოდოსიაში მდებარე ნავთობბაზაზე ხანძარი 7 ოქტომბერს, სავარაუდოდ უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ფართობმა ათას კვადრატულ მეტრს გადააჭარბა, ქალაქში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებს.