„ფეისბუქის“ მიერ ქართული გვერდების დაბლოკვასთან დაკავშირებით სარეკლამო კომპანია „პანდა“ განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო კომპანია „პანდა“ ფეისბუქის“ მიერ ქართული გვერდების დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია სოციალურ ქსელში დიდ რესურსებს ფლობს, რომელსაც აქირავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მედიით ინფორმაცია „არასწორი ინტერპრეტაციით“ გავრცელდა.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, „ფეისბუქისგან“ დამოუკიდებლად, უაპელაციოდ დასწამო ადამიანებს ცილი, როდესაც თავად „ფეისბუქს“ არ დაუდასტურებია „პანდას“ ოფიციალურ გვერდისა და დანარჩენ გვერდებს შორის კავშირი“.
კომპანიის ინფორმაციით, მათი რესურსით „მთავარი არხი“ და ფორმულა „კრეატივი“ დაინტერესდა, თუმცა „პანდას“ განცხადებით, აღნიშნულმა კომპანიებმა მათი „რესურსები სათავისოდ ვერ გამოიყენეს“.
„ჩვენ ბევრი შეცდომა დაგვიშვია. წლებმა და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბოდიშის მოხდა უფრო რთულია, სიმაღლე სჭირდება და ეს ჩვენ არ გვიჭირს. ყველანაირად ვცდილობთ, არ დავკარგოთ მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი და კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი თავები, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი, რომ დამნაშავე ხარ!
უპასუხისმგებლო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია გადაუმოწმებლად. არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში, შესაბამისად, არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა პრინციპებზე მნიშვნელოვანი – ჩვენთვის მთავარია ის ღირებულებები, რისიც გვწამს. ჩვენ გვქონდა შემოთავაზება „მთავარი არხისგან“ და ფორმულა „კრეატივისგან“. მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება. ორი დღეა პროპაგანდისტული შტურმი მოაწყეს, რომელიც საჯარო ცილისწამებიდან მათთვის ნაცნობ და ტრადიციულ ბულინგში გადაიზარდა. ცრუ ლიბერალები კი, რომელთაც სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვთ, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეეცადნენ „პანდას” დამარხვას. რომ არა ჩვენი მდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა, შესაძლოა, ეს შემთხვევა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო.
ჩვენთვის, როგორც ლიბერალური ღირებულებების ადამიანებისთვის – გაუგებარია, როგორ შეიძლება პირველწყაროსგან, ამ შემთხვევაში Facebook-ისგან დამოუკიდებლად, უაპელაციოდ დასწამო ადამიანებს ცილი, როდესაც თავად „ფეისბუქს“ არ დაუდასტურებია „პანდას“ ოფიციალურ გვერდისა და დანარჩენ გვერდებს შორის კავშირი.
ბოდიში იმისთვის, რომ სანამ ჩვენ არ შეგვეხო ეს პრობლემა, არ დავიწყეთ ბრძოლა. ჩვენ არ ვიბრძოლებთ საკუთარი თავისთვის. ჩვენი მოტივაცია იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც დაიჩაგრნენ დეზინფორმაციის მანქანების და ცრუ ლიბერალების აგრესიული მოქმედებებისგან. დღევანდელი დღიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ძალა მედიაში გამოვიყენოთ რიგითი ადამიანების დასაცავად. გსურთ ჩვენთან საუბარი? გვესაუბრეთ „პანდას“ და არა პირადად. „პანდა“ არის იდეა, რომლის გარშემოც ვერთიანდებით ყველა. თქვენგან განსხვავებით, ჩვენი პირადი რეპუტაცია არაფერს ნიშნავს. მთავარია, თუ ვის მხარეს არის სიმართლე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.