„ფეისბუქის“ ცნობით, საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა
„ფეისბუქის“ ცნობით, საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა

სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.

„ფეისბუქის“ ცნობით, მათ მიერ შექმნილი გვერდები პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად, აქტივისტურ დაჯგუფებებად და მედიასაშუალებებად იყო შენიღბული, სადაც გვერდის ადმინისტრატორები და მფლობელები წერდნენ ადგილობრივ სიახლეებსა და ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ორგანიზაციების კრიტიკა.

საერთო ჯამში, „ფეისბუქმა“ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში გააუქმა. წაშლილი გვერდებიდან სულ მცირე ერთს ან მეტს დაახლოებით 442 300 მიმდევარი ჰყავდა. ხოლო, გაუქმებული ჯგუფებიდან ერთს ან რამდენიმეს დაახლოებით 52 000 მიმდევარი ჰყავდა. „ფეისბუქსა“ და „ინსტრაგრამზე“ მათ მიერ სხვადასხვა სახის რეკლამის განთავსებისთვის კი, 316 ათას აშშ დოლარამდე თანხაა დახარჯული.

„ფეისბუქის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ამ ქმედების უკან „ქართული ოცნების“ მიერ მართული მთავრობა და სარეკლამო სააგენტო „პანდა“ გამოავლინა.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ფეისბუქმა“ ასევე წაშალა აშშ-სა და ვიეტნამში შექმნილი ასობით ყალბი ანგარიში, ჯგუფი და გვერდი, რომლის უკან მდგარი პირებიც აშშ-ში დაფუძნებული მედიასაშუალება BL-ისა და მისი გვერდების მეშვეობით ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მათ სამიზნეს კი, აშშ-სა და ვიეტნამში ესპანურენოვანი და ჩინურად მოსაუბრე აუდიტორია წარმოადგენდა. მათ მიერ გაზიარებული ინფორმაციის შინაარსი ძირითადად აშშ-ის პოლიტიკურ სიახლეებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, კონსერვატიულ იდეოლოგიას, პოლიტიკურ კანდიდატებს, არჩევნებს, ვაჭრობას, ოჯახურ ღირებულებებსა და რელიგიის თავისუფლებას ეხებოდა. „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამში“ ამ ჯგუფებსა და გვერდებს 55 მილიონამდე მიმდევარი ჰყავდა. სხვადასხვა ტიპის რეკლამისთვის კი, აღნიშნულ ყალბ გვერდებს 9.5 მილიონი დოლარამდე აქვთ დახარჯული.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე ეთო ბუზიაშვილისა და გივი გიგიტაშვილის ავტორობით სტატიას აქვეყნებს civil.ge. ეთო ბუზიაშვილი ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის (@DFRLab) მკვლევარი ასისტენტია საქართველოდან, ხოლო გივი გიგიტაშვილი @DFRLab-ის მკვლევარი ასისტენტი კავკასიის თემატიკაზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ატლანტიკურის საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ, DFRLab-მა, დამოუკიდებლად გააანალიზა „ფეისბუქის“ მიერ დასახელებული გვერდებიდან 261 მათ გაუქმებამდე, თუმცა ვერ შეძლო პირდაპირ და დამოუკიდებლად დაედასტურებინა მათი კავშირი მთავრობასა ან-და სარეკლამო სააგენტო „პანდასთან“.

სტატიაში ასევე ფოტოს სახით მოცემულია აღნიშნული სააგენტოს მთავარი გვერდი „ფეისბუქზე“, რომელმაც ცენტრალური როლი ითამაშა გათიშულ გვერდებს შორის კოორდინირების დადგენაში.

„ამ გვერდზე სხვა დასახელებულ გვერდებთან აშკარა კავშირი არ დაიმზირება, ამდენად DFRLab-მა თავისი საშუალებებით ვერ შეძლო დაემტკიცებინა ფეისბუკის მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ ამ გვერდებს შორის ცენტრალიზებულად ხდებოდა მოქმედებების შეხმატკბილება.

თუმცაღა, DFRLab-ი დარწმუნდა, რომ გათიშული გვერდები მართლაც ქართველ ამომრჩეველზე იყო მიმართული და საზოგადოების გახლეჩისაკენ მიმართულ ინფორმაციას ავრცელებდა“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც civil.ge აქვეყნებს.

დატოვე კომენტარი