ფედერერმა მაიამიში პირველივე მატჩი წააგო და რეიტინგში ლიდერობა დაკარგა
მაიამის „მასტერსის“ მეორე წრეში უდიდესი სენსაცია მოხდა – მსოფლიოს 178-ე ჩოგანმა, ავსტრალიელმა ტანასი კოკინაკისმა რეიტინგის ლიდერი და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა – 3:6, 6:3, 7:6(4).
პირველი ორი სეტი ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკის წყალობით მოიგეს. მესამე სეტში ბრეიკი არ ყოფილა (ფედერერმა ორი ბრეიკ-პოინტის შანსი ვერ გამოიყენა), რის შემდეგაც ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა – კოკინაკისმა მერვე გათამაშებაში შესრულებული მინი-ბრეიკის წყალობით მოახერხა მოგება.
ფედერერს ამ მატჩში 31 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ავსტრალიელი კი ყველაზე დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელი გახდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, ვინც პირველ ჩოგანი დაამარცხა.
სხვათა შორის, ამ მატჩში შემდეგ, ფედერერი აღარ იქნება რეიტინგის ლიდერი – მომავალი ორშაბათიდან პირველობას ისევ ნადალი მოიპოვებს, რომელიც ტრავმის გამო ტოვებდა ამერიკულ „მასტერსებს“.
კოკინაკისთან წაგების შემდეგ, ფედერერმა გამოაცხადა, რომ შარშანდელის მსგავსად, ისევ გამოტოვებს გრუნტის სეზონს, თუმცა მაინც შეეძლება რეიტინგის სათავეში დაბრუნება, რადგან ნადალს გრუნტის ტურნირებზე 4680 ქულა აქვს დასაცავი, ფედერერს – 0.