მსოფლიოს მეორე ნომერმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის მეორე წრე იოლად გაიარა. მოქმედმა ჩემპიონმა სლოვაკი ლუკაშ ლაჩკო ზუსტად საათ-ნახევარში დაამარცხა – 6:4, 6:4, 6:1.
ფედერერმა უნაკლოდ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – 16 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. პირველი მოწოდებით 43-დან 40 ქულა (93%) აიღო, მეორე მოწოდებით – 18-დან 12 (67%).
საინტერესოა, რომ მეორე სეტში ფედერერს საკუთარ მოწოდებაზე არც ერთი (!) ქულა არ წაუგია.
რაც შეეხება მეტოქის გეიმებს, აქ როჯერმა 9 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და 4 შანსი გამოიყენა. ასევე, უნდა აღინიშნოს „ვინერსებისა“ და უნებლიე შეცდომების შეფარდება – 47 11-ის წინააღმდეგ.