ფედერერი როტერდამში ითამაშებს და შესაძლოა, ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერი გახდეს
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა გადაწყვიტა, რეიტინგში ლიდერობის დაბრუნებისთვის იბრძოლოს. “დიდი სლემის” ჩემპიონატების 20-გზის ჩემპიონმა როტერდამის ტურნირის ორგანიზატორებისგან უაილდ-ქარდი მიიღო.
ტურნირი ჰოლანდიაში 12-18 თებერვალს გაიმართება და იმ შემთხვევაში, თუ როჯერი ნახევარფინალამდე მიაღწევს, მსოფლიოს პირველი ნომერი გახდება. ამისთვის შვეიცარელს სამი მატჩის მოგება სჭირდება.
როგორც ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, წარმატების შემთხვევაში, 36 წლის ფედერერი ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი გახდება.
ამ მომენტისთვის რეკორდი ეკუთვნის ამერიკელ ანდრე აგასის, რომელსაც პირველი პოზიცია 33 წლის ასაკში ეკავა.
ფედერერმა ტურნირის ორგანიზატორებს “უაილდ-ქარდის” თხოვნით პირადად მიმართა.