ფატმა ჯერენ იაზგანი მიიჩნევს, რომ თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველო მომგებიანი საინვესტიციო ქვეყანაა
საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის აზრით, დასაქმების მსურველ ქართველთათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ბაზარი არის თურქეთი და ასევე, თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველო მომგებიანი საინვესტიციო ქვეყანაა.
საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საქართველოში თურქეთის ელჩმა, რომელიც ანკარაში მე-10 ამბასადორიალში მონაწილეობდა, თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-სთან ისაუბრა. „ანადოლუს“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის ქართული თარგმანი კი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოში თურქეთის საელჩოს გვერდზეა განთავსებული.
როგორც აღნიშნულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფატმა ჯერენ იაზგანმა სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან მტკიცე ეკონომიკური ურთიერთობები სხვადასხვა სექტორებს მოიცავს, ინფრასტრუქტურიდან ტურიზმამდე და ენერგეტიკიდან ვაჭრობამდე, ხოლო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ამ ბაზარზე ფასსა და ხარისხს შორის ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობაზე მიანიშნა.
სხვა სავაჭრო მოთამაშეებთან კონკურენცია
„თურქეთმა უნდა ისარგებლოს საქართველოს ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით და ეს უპირატესობა გამოიყენოს “, – განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, თურქეთი რეგიონის სხვა ქვეყნებთან კონკურენციაში იმყოფება.
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც იგი ცდილობს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში თურქი ინვესტორებისთვის უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნას, ამავე დროს, „სავაჭრო ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ქართულ მხარესაც შევთავაზოთ მათთვის მისაღები მომგებიანი ფორმულები“.
ასევე, იაზგანმა ისაუბრა აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სამმხრივი ფორმატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის საკითხს შეეხო, რომლითაც ზაფხულის სეზონზე 80 ათასი ადამიანი სარგებლობს, სადაც დღემდე არ დასრულებულა ორი წლის წინ დაწყებული სამშენებლო სამუშაოები.
„სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა არაა საკმარისი. სამშენებლო სამუშაოები უნდა დამთავრდეს ძალიან მალე და სწრაფადვე უნდა დაიწყოს უსაფრთხოებისა და საბაჟო რეგულაციების მოქმედება“, – განაცხადა ელჩმა.
მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის და აღმოსავლეთ ანატოლიის მიმდებარე რეგიონებს შორის სასაზღვრო ვაჭრობის წახალისება, ხოლო ტურიზმი არის სფერო, რომელიც ხელსაყრელია რეგიონის ყველა მხარისათვის.
თურქეთის საელჩოს სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სფეროებს.
„თუ თურქეთი ვერ ისარგებლებს მეზობელი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით, ეკონომიკის წესების თანახმად, ამ საშუალებით ისარგებლებენ სხვები“, – განაცხადა მან.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი
საქართველოში თურქეთის ელჩმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა სტადიაზეა ამჟამად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი და განაცხადა, რომ „მომავალში ედირნე-ყარსის რკინიგზის განხორციელების შემდეგ, ჩინეთიდან ევროპაში გვექნება უწყვეტი, სწრაფი სარკინიგზო მიმოსვლა“.
„რამდენიმე საათში ყარსში ჩასვლა შესანიშნავი რამაა, როგორც ტურიზმის ასევე, სატვირთო გადაზიდვებისა და ბიზნეს ურთიერთობებისთვის“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად საქართველოს გავლით შუა აზიის ქვეყნებში ათიათასობით სატვირთო მანქანა მიდის.
ელჩის თქმით, რკინიგზა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, იგი განტვირთავს საავტომობილო მოძრაობასა და შეამცირებს საქართველოში არასაკმარისი საგზაო ინფრასტრუქტურით გამოწვეულ პრობლემებს.
სტატიის თარგმანი საქართველოში თურქეთის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“ გუშინ განთავსდა. სტატია კი, სააგენტო „ანადოლუმ” 16 აგვისტოს გაავრცელა.