ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელი - სახელმწიფომ თანამშრომლობის ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელი - სახელმწიფომ თანამშრომლობის ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. მისი თქმით,  რამდენიმე მაგალითი საქართველოშიც იყო.

ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, პარტნიორობის ფარგლებში მწარმოებლები არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გაკონტროლებას ითხოვენ.

„ინდუსტრია იმ ცივილური ნორმების აღდგენაზე საუბრობს, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ეს გადასახადების შემცირებას და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის სპეციალურ პირობებს არ ეხება. საუბარია პირველ რიგში მკურნალობაში გარკვეული სტანდარტების შემოღებასა და კონტრრეგულირებადი გარემოს შექმნას ეხება. ამ დროს პირველ რიგში მოსახლეობა და მათ შორის ინდუსტრიაც დაცული ხდება. მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდის კუთხით ცივილური ინდუსტრია მოითხოვს, რომ მნიშვნელოვნად გაკონტროლდეს არაეთიკური საქციელი, რასაც ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანია დღეს საქართველოში ასრულებს, კერძოდ, ექიმებისა და სამედიცინო სფეროს დაინტერესება, რის სანაცვლოდ ხდება არამიზნობრივი დანიშვნა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტების. ეს არის ჩვენი თხოვნა, პარტნიორობის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ველით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ შეთავაზებაზე მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები საკუთარ ხედვებს დავით სერგეენკოს ორ კვირაში გააცნობენ.

„მთავარი მესიჯი რაც ჩვენთვის, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის იყო, არის ის, რომ სახელმწიფომ თანამშრომლობის ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა. საუბარი არის იმაზე, რომ მწარმოებლები არა მარტო მწარმოებლები იყვნენ, არამედ ამ პროექტში როგორც პარტნიორი მხარე ჩაერთონ და სამინისტროსთან გრძელვადიანად ითანამშრომლონ. ამის მოდელები მსიფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია. საქართველოში ამის რამოდენიმე მაგალითი იყო და ახლა გაცხადებული მზადყოფნა ძალიან პოზიტიური ნაბიჯია“, – განმარტავს მარგველაშვილი.

დავით სერგეენკო დღეს მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. დავით სერგეენკოს განცხადებით, უნდა გაფართოვდეს იმ ადამიანთა წრე, რომლებსაც ამბულატორულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ.

„ვფიქრობ, იმ სახელმწიფო კერძო პარტნიორობას, რაც ჩვენს შორის არსებობს, დიდი რესურსი აქვს, რათ გაღრმავდეს და გაფართოვდეს. შეიძლება ერთგვარად ინსტიტუციონალური სახეც მიიღოს და შედეგად მივიღოთ ის, რომ არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, არამედ ქრონიკული დაავადებების უმეტესობაზე მნიშვნელოვან ფინანსური ბარიერის მნიშვნელოვან შემცირებას მივაღწიოთ და არა მარტო 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე მოსახლეობაზე, არამედ ბევრად ფართო მოცულობისთვის, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.