დავით სერგეენკო - უნდა გაფართოვდეს იმ ადამიანთა წრე, რომლებსაც ამბულატორულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ
დავით სერგეენკო - უნდა გაფართოვდეს იმ ადამიანთა წრე, რომლებსაც ამბულატორულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ

ქრონიკული დაავადებების უმეტესობისთვის საჭირო მედიკამენტებზე ფასდაკლების რესურსი არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წამლების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, შეხვედრის მიზანია, კომპანიების წარმომადგენლებს გააცნოს ჩამოყალიბებული ხედვა სტრატეგიულ მიმართულებაზე და აღნიშნულის თაობაზე მოხდეს მოსაზრებების გაცვლა.

სერგეენკოს თქმით, უნდა გაფართოვდეს იმ ადამიანთა წრე, რომლებსაც ამბულატორულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ.

„ვფიქრობ, იმ სახელმწიფო კერძო პარტნიორობას, რაც ჩვენს შორის არსებობს, დიდი რესურსი აქვს, რათ გაღრმავდეს და გაფართოვდეს. შეიძლება ერთგვარად ინსტიტუციონალური სახეც მიიღოს და შედეგად მივიღოთ ის, რომ არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, არამედ ქრონიკული დაავადებების უმეტესობაზე მნიშვნელოვან ფინანსური ბარიერის მნიშვნელოვან შემცირებას მივაღწიოთ და არა მარტო 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე მოსახლეობაზე, არამედ ბევრად ფართო მოცულობისთვის, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მოქმედ სისტემაში ყველაზე მთავარი გამოწვევა ამბულატორულ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაა.

მისივე განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარება კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით შესაძლებელია.

„სტაციონარში რაც სჭირდებათ, ის საყოველთაო ჯანდაცვით იფარება. რა თქმა უნდა, აქცენტირება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზეა. ეს მედიკამენტებია, რომელიც ადამიანმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს და ჩვენთვის ყველაზე უფრო მთავარი გამოწვევა ეს არის. ბოლო პერიოდში შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც 100 ათას ქულამდე მქონე მოსახლეობისთვის ძირითადი ქრონიკული დაავადების 23 მედიკამენტის მიწოდებას ითვალისწინებდა, ცალსახად დაგვანახა ის საჭიროება, რომ ეს მნიშვნელოვანი ინტერვენციაა, თუმცა არასაკმარისი იყო. რადგან მოსახლეობის უფრო მეტ ნაწილისთვის, ძირითადად ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კვლავ მაღალ ფინანსურ ბარიერად რჩება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკოს განცხადებით,  შარშან მაისში დაწყებულმა პროექტმა ცალსახად წარმოაჩინა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს.

„23 მედიკამენტზე, რომელიც შევისყიდეთ,საშუალოდ 150%-ით ნაკლებია ფასები, ვიდრე საბაზრო ფასები“, – განაცხადა დევით სერგეენკომ.