„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, 24 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში შვიდი ქვეყანაა, სადაც ორი დოზით აცრილი მოსახლეობის რაოდენობამ 70 პროცენტს გადააჭარბა
„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, 24 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში შვიდი ქვეყანაა, სადაც ორი დოზით აცრილი მოსახლეობის რაოდენობამ 70 პროცენტს გადააჭარბა

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, 24 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში შვიდი ქვეყანაა, სადაც ორი დოზით აცრილი მოსახლეობის რაოდენობამ 70 პროცენტს გადააჭარბა. ვაქცინაციის გლობალური მაჩვენებლების მიხედვით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოსახლეობის 85.5 პროცენტი ერთი დოზით, 75.2 პროცენტი კი ორი დოზით არის აცრილი. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მალტაზე, სადაც მოსახლეობის 81.7 პროცენტი ორი დოზით არის აცრილი, ბოლო ერთ დღეში ვირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ურუგვაის მოსახლეობის 71.7 პროცენტი ორი დოზით უკვე აიცრა და ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

სინგაპურში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის 76.2 პროცენტია აცრილი და 24 აგვისტოს ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დადასტურებულა. ყატარის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 70.8 პროცენტი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი, სადაც მიმდინარე თვეში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აიცრა მოსახლეობის 70.2 პროცენტი ჩილეში, სადაც 24 აგვისტოს ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. მეშვიდე ქვეყანა ისლანდიაა, სადაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით დღემდე მოსახლეობის 70.7 პროცენტია აცრილი. ქვეყანაში მიმდინარე წლის 27 მაისის შემდეგ კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადებით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ოფიციალური მონაცემებით მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინის ორი დოზით დამატებით 13 ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტია აცრილი. „ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის 8.6 პროცენტი აიცრა. მსოფლიოს 233 ქვეყანასა და რეგიონში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 5.04 მილიარდი დოზა არის ადმინისტრირებული.