Facebook-ის ზოგიერთი ჯგუფით სარგებლობა მალე ფასიანი გახდება. გარკვეული ჯგუფების ადმინისტრატორებს საშუალებას ექნებათ მომხმარებლებს წევრობისთვის თვეში 4,99-29,99 დოლარი დაუწესონ. ამის შესახებ კომპანია ბლოგპოსტში იუწყება. ახალი მახასიათებლები პირველად ბავშვთა აღზრდის, კულინარიისა და სახლის მოვლის შესახებ არსებულ ჯგუფებში გამოჩნდება.
როგორც ჩანს, უფასო ჯგუფებს არაფერი შეეხება, მაგრამ მალე მიიღებენ პრემიუმ ქვეჯგუფებად გადაქცევის პარამეტრს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე Facebook-ჯგუფებით სარგებლობა ყოველთვის უფასო იყო, წევრობის მოსაკრებლის შემოღებამ შესაძლოა, ექსკლუზიურობის შეგრძნება გაამძაფროს და რომელიმე ჯგუფში ყოფნა რაიმე განსაკუთრებულ სტატუსად იქცეს. არ არის გამორიცხული, გადასახადმა ბევრ მომხმარებელს ჯგუფების დატოვებაც აიძულოს.
Facebook-ის განცხადებით, ახალი ფუნქციების მიზანია ჯგუფის ადმინისტრატორების მიერ გარკვეული შემოსავლის მიღება, რადგან ისინი ბევრ დროს ხარჯავენ საკუთარ საზოგადოებათა გაზრდაზე. კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ უპრიანი იქნება, თუ მიღებულ ფულს ადმინისტრატორები მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნას მოახმარენ.
მახასიათებლები ჯერ საცდელ ფაზაშია და გაშვების ზუსტი დრო უცნობია. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ Facebook-ის მიერ ჯგუფების მონეტიზაციის პირველი მცდელობა.