Facebook-ის შემოსავლები პირველად შემცირდა — TikTok-თან კონკურენციის გამო, კომპანია რადიკალურ ცვლილებებს იწყებს
ფეისბუქის შემოსავლების უწყვეტი ზრდის ათწლეული დასრულდა.
სოციალური ქსელი იუწყება, რომ მის ისტორიაში პირველად, ამ წლის მეორე კვარტალში, შემოსავლების წლიური კლება დაფიქსირდა. აპრილი-მაისი-ივნისში, შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ერთი პროცენტით შემცირდა და 28,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია პროგნოზირებს, რომ ვარდნა მესამე კვარტალში შეიძლება უფრო დიდი იყოს. მშობელი კომპანია „მეტას“ მთლიანი მოგება 36 პროცენტით შემცირდა და 6,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე კვარტალში, ქვედანაყოფმა Reality Labs-მა, რომელიც მარკ ცუკერბერგის „მეტავერსს“ ქმნის, 2,8 მილიარდი დოლარი დაკარგა.
სოციალური მედიის კომპანიები ჯერ კიდევ ცდილობენ გაუმკლავდნენ „ეფლის“ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილების გავლენას, რამაც გაართულა რეკლამის მიზანმიმართვა სმარტფონის მომხმარებლებზე მათ ონლაინაქტივობაზე დაყრდნობით.
ამასობაში, „მეტა“ სასტიკ კონკურენციაშია TikTok-თან, რისთვისაც რადიკალურ ცვლილებებს ახორციელებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, რისთვისაც აქცენტს აკეთებს მოკლე ვიდეოებსა და პოსტებზე, რომლებსაც სისტემა მომხმარებლებს ურჩევს. ანალიტიკოსებთან საუბრისას, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გაორმაგდება იმ კონტენტის პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც ხალხი ხედავს მათ მიერ გამოუწერელი ანგარიშებისგან. მისივე განცხადებით, ამისათვის საჭირო ხელოვნური ინტელექტის შექმნა საკმაოდ დიდ ინვესტიციას საჭიროებს.
მიუხედავად იმისა, რომ მეტას შემოსავალი მცირდება, ფეისბუქმა მაინც მოახერხა ყოველდღიურ მომხმარებელთა სამი პროცენტით ზრდა, 1,97 მილიარდამდე. მეტას ცნობით, ამჟამად, ყოველდღიურად 2,88 მილიარდი მომხმარებელი იყენებს მის სოციალურ აპლიკაციებს — ფეისბუქს, მესენჯერს, ინსტაგრამსა და ვოტსაპს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 4-პროცენტიანი ზრდაა.
ცუკერბერგის განცხადებით, ფეისბუქზე სახეზეა „ჩართულობის ტენდენცია“, რომელიც „მოსალოდნელზე ძლიერი“ აღმოჩნდა, რაც დიდწილად ვიდეოების მოხმარების ზრდის დამსახურებაა. მისი თქმით, კომპანიის მოკლე ფორმატის ვიდეოები, Reels-ები, რომლებიც TikTok-თან კონკურენციისთვუს არის გამიზნული, უფრო სწრაფ მონეტიზაციას უზრუნველყოფს, ვიდრე Storie-ები — ფორმატი, რომლებიც მან რამდენიმე წლის წინ Snapchat-ისგან დააკოპირა. გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანია ვარაუდობს, რომ შემოსავლების მთავარი წყარო Reels-ები გახდება, მაგრამ ამ ეტაპზე, მისი მთავარი პრიორიტეტი სწორედ Reels-ია და მათგან დიდ ფულს არ აკეთებს.
მომზადებულია theverge.com-ის მიხედვით.