ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორია ტინი კოქსი.

როგორც დოკუმენტის დასკვნით ნაწილშია აღნიშნული, „ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის მოშლის და კამპანიის დაფინანსების მკაფიო რეგულაციების არარსებობის ფართოდ გავრცელებული ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის გარკვეული ასპექტებისადმი. არჩევნები ჩატარდა ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციების შედეგად არსებითად შეცვლილი კანონმდებლობის ფარგლებში, რამაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კუთხით გარკვეული გაუმჯობესება მოიტანა, თუმცა ხარვეზების გამოსასწორებლად კიდევ საჭიროა ძალისხმევა“.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციამ  დაიცვა კანონით დადგენილი ვადები და ეფექტიანად მართა არჩევნების ტექნიკური ასპექტები „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში. თუმცა ასამბლეის დელეგაციამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახა საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე.

ანგარიშში საუბარია მედიაგარემოზეც.

„მრავალფეროვანი და პლურალისტური მედიაგარემო იყო პოლარიზებული პოლიტიკური მოტივებით და ბიზნესინტერესებით. ასამბლეის დელეგაციამ აღნიშნა, რომ მონიტორინგში შემავალი ყველა კერძო მაუწყებელი იყო თვალსაჩინოდ მიკერძოებული. სამაუწყებლო მედიისგან იყო მოთხოვნილი დიდი რაოდენობით უფასო საეთერო დროის გამოყოფა და მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების მქონე პარტიების დებატებზე მოწვევა. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ სახელმწიფო დაფინანსების უფლება, მიიღეს არსებითად ნაკლები უფასო საეთერო დრო და მხოლოდ საზოგადოებრივ მედიაში, რაც მათ უთანასწორო პირობებში აყენებდა. მეტიც, პოლიტიკური დისკუსიების, ნამდვილი საგამოძიებო გადაცემებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის გათვალისწინებით, როდესაც მთავარ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის მხოლოდ რამდენიმე დებატი შედგა, ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდათ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასამბლეის დელეგაცია აღიარებს, რომ ჩატარებული არჩევნები იყო ძირითადად თავისუფალი და შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებით მკაფიო წესების არარსებობის გამო, რაც  ნეგატიურად აისახა არჩევნების სამართლიანობაზე. დელეგაცია აღნიშნავს, რომ ეს საკითხი უკვე წამოყენებული იყო 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშშიც.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობაში შეტანილმა ბოლო შესწორებებმა გაითვალისწინა ზოგიერთი წინა რეკომენდაცია, დელეგაცია მოუწოდეს საქართველოს, რაც შეიძლება მალე აღმოფხვრან დარჩენილი ხარვეზები კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის კუთხით რეგულაციებისა და კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ასამბლეასა და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა ამ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.