ირაკლი კობახიძე - საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად
ირაკლი კობახიძე - საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად

თქვენ იცით ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, კერძოდ, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, მათ შორის დაინერგა ელექტრონული ხმის მიცემის, დათვლის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა, რაც ძალიან ბევრ რამეს აზღვევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ცესკო-სთან დაკავშირებით.

„გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება კანონმდებლობაში, როდესაც ცესკო-ში აღმოიფხვრება ჩიხური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რათა საქართველოში ჩატარდეს გამართული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაზე იყო საუბარი იენს სტოლტენბერგთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, გარდა იმისა, რომ „მიიღო კონკრეტული დავალებები – თავისუფალი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო“, პრემიერმა ასე უპასუხა: „სიტყვა დავალებას რაც შეეხება, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო 90-ანი წლებიდან მოყოლებული და ვერავინ დავალებებს ვერ მისცემს, მათ შორის, ვერცერთი მეგობარი და ვერცერთი პარტნიორი. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება რჩევებსა და რეკომენდაციებს, მზად ვართ, ყველაფერი მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ“.