ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
ევროსაბჭოს დელეგაცია სოფელ ხურვალეთში, ე.წ. გამყოფ ხაზთან ჩავიდა. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებთან იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ძალების სათვალთვალო საგუშაგოა განთავსებული.
ანდერს კნაპე საოკუპაციო ზოლში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ევროსაბჭოს დელეგაციას ადგილზე მასპინძლობდა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცეპრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი.
ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები გამყოფი ხაზის მიღმა მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.