ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში 20 ივნისს ჩავა
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი 20 ივნისს რუსეთში ჩავა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება რუსეთსა და ევროსაბჭოს შორის მიმდინარე ურთიერთობების განსახილველად“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, იაგლანდი რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2019 წლის გაზაფხულისთვის დაბრუნებას უჭერს მხარს.
რუსეთმა ევროსაბჭოს საწევრო გადასახადის გადახდა გასული წლის ზაფხულში შეწყვიტა. ამის მიზეზი საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა.