„ევროპულმა საქართველომ“ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა მოითხოვა
„ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისა და ამავე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა მოითხოვა.
განათლების კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ კომიტეტის სხდომაზე ჯერ გარდაცვლილის შვილს, ბაჩანა შენგელიას მოიწვევენ და მოკვლევის ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობაზე შემდეგ იმსჯელებენ.
„ევროპულმა საქრთველომ“, განათლების კომიტეტის სხდომაზე დავაყენეთ საკითხი, რომ ია კერზაიას საქმის შესწავლა გავაგრძელოთ. ჩვენ მოვითხოვეთ ამ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელი მოსულიყო და ჩვენთვის ანგარიში ჩაებარებინა, თუ როგორ მიდის გამოძიება ია კერზაიას საქმეზე.
დღეს მარიამ ჯაშისგან წერილი მივიღეთ, რომ მას პროკურორის მოსვლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ვინაიდან გამოძიება გრძელდება. გამოძიება რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე გრძელდება, უკვე ყველამ ვიცით. ამასობაში ყველა ვადა, რომელიც პარლამენტარებმა, მათ შორის უმრავლესობამ პროკურატურას განუსაზღვრა, უკვე ამოიწურა. ამიტომ ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ უახლოეს სხდომაზე ბაჩანა შენგელიას მოვიწვევთ. მას მოვუსმენთ და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას მივიღებთ, შეისწავლოს კომიტეტმა ია კერზაიას საქმე, თუ არა. თუ უმრავლესობის წევრები გადაწყვეტენ, რომ ამ საქმის შესწავლა არ ღირს, ეს მათ პოლიტიკურ და ადამიანურ სინდისზე იქნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განათლების კომიტეტმა ეს საკითხი თვითონ უნდა შეისწავლოს და ყბადაღებულ მიმდინარე გამოძიებას აღარ დაველოდოთ. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტმა კონკრეტული რეაგირება მოახდინოს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ განათლების კომიტეტის დასრულების შემდეგ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას თქმით, თუ „ევროპული საქართველო“ დაასაბუთებს, რომ თემატური მოკვლევით შედეგზე გასვლა შეიძლება, არ არის გამორიცხული, მისი მხარდაჭერა მიიღოს.
„თემატურმა ჯგუფმა არ მგონია, რომ რაღაც გარკვეული შედეგი დადოს, გარდა იმისა, რომ ეს თემა მუდმივად პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. პროკურატურისგან მოვითხოვთ, რომ პროცესი რაც შეიძლება დააჩქაროს და ტემპი აქტიური იყოს. გამოძიება დაწყებული ყოფილა, როგორც თვითონ სერგი კაპანაძე ამბობს. დრო გადის და ამაშია წინააღმდეგობა. ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ მარიფათი მაქსიმალურად აქტიურად უნდა გამოიჩინოს. თუ „ევროპული საქართველო“ დაასაბუთებს, რომ შედეგზე გასვლა შეიძლება ამ თემატური მოკვლევით, მაშინ შეიძლება მხარი დავუჭირო. დღეს რაც სერგიმ თქვა მე ვერ დავინახე, რომ ეს შედეგზე გასვლის საშუალებაა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.