ვლადიმერ ბორცვაძე - მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალია გათავისუფლებული, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ თავიანთ ოჯახებში
ვლადიმერ ბორცვაძე - მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალია გათავისუფლებული, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ თავიანთ ოჯახებში

მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალია გათავისუფლებული, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ თავიანთ ოჯახებში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია, ინტენსიურად მიმდინარეობს კვლავ მოლაპარაკებები. შსს და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ თავიანთ ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე ახლა მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ“, – განაცხადა ბორცვაძემ.

ასევე, შს მინისტრის წარმომადგენელმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, შემთხვევის ადგილის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ განხორციელდეს.

„მედიის წარმომადგენლებთან კი ერთი თხოვნა მაქვს, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი მოლაპარაკებების პროცესს ხელს უშლის. ამიტომ, ზიანი რომ ავიცილოთ თავიდან, გთხოვთ შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან პირდაპირ ეთერში თავი შეიკავოთ“, – განაცხადა ბორცვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:21 საათზე შევიდა. ამ დროისთვის, თავდამსხმელს მძევლად 17 პირი ჰყავს აყვანილი.