„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ოქროყანის საარჩევნო უბანზე ლევან თოფურიძე, იგივე „კალაბოკა“ ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს [ვიდეო]
„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც მათივე ინფორმაციით, ოქროყანის საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ლევან თოფურიძის, მეტსახელად „კალაბოკას“ დაპირისპირებაა ასახული.
ოპოზიცია ლევან თოფურიძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირსა და ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
„ოქროყანაში ძალიან უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა კამპანია პირველ ტურზეც და განსაკუთრებით მეორე ტურის დროს. დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ. ეს წინა არჩევნებზეც გააკეთეს და შემდეგ გადააგდეს ხალხი. დაჭერილის ოჯახისთვის და მისი გარემოცვისთვის მაინც ყოველთვის ეფექტური ინსტრუმენტია, როდესაც გეუბნებიან, მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა, თორემ ციხეში ჩავტოვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი და ერთ-ერთი წარმომადგენელი სწორედ ახლა აქ გამოგვეხმაურა და სცადა ტიპური რაღაც გარჩევის მოწყობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ იყოს სიმშვიდე და დღეს მაინც მიეცეთ ამომრჩევლებს საკუთარი ნების მშვიდად გამოხატვის საშუალება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.