ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა
ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. ამის შესახებ ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ინვესტორთა ფორუმზე ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები განიხილავენ აუცილებელ ინვესტიციებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის უახლეს, მულტიმოდალურ და ეფექტურ მარშრუტად გადაქცევისთვის, რომელიც 15 დღის განმავლობაში დააკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს.
ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმს ესწრებიან ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნები და თურქეთი. სხვა მონაწილეები არიან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ფინანსური ინსტიტუტები და კერძო სექტორი.