ილჰამ ალიევმა „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებს ახალი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენება შესთავაზა
ილჰამ ალიევმა „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებს ახალი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენება შესთავაზა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებს ზანგეზურის დერეფნის გამოყენება შესთავაზა.

ალიევმა ორგანიზაციის მე-14 ონლაინსამიტზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს, თურქეთსა და ირანს რეგიონში სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია აქვთ და ნორმალურად მოქცევის შემთხვევაში, ამ პროცესით სომხეთიც ისარგებლებს.

„რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ დავიწყეთ მრავალი ქვეყნის დამაკავშირებელი სატრანსპორტო პროექტების განხილვა. ახალი სატრანსპორტო დერეფანი გაივლის აზერბაიჯანის ისტორიულ ტერიტორიას – ზანგეზურს და დააკავშირებს აზერბაიჯანის მთავარ ნაწილს ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილთან – ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და თურქეთთან. აღნიშნული დერეფანი რეგიონში, ტრანსპორტის სექტორში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ვიწვევთ, გამოიყენონ ზანგეზურის დერეფანი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია არის აზიის პოლიტიკური და ეკონომიკური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც თეირანში ირანის, პაკისტანისა და თურქეთის ლიდერების მიერ 1985 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანი არის საქონლისა და მომსახურების ერთიანი ბაზრის შექმნა. ორგანიზაციის წევრები არიან: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

დატოვე კომენტარი