ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას აქვეყნებს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას აქვეყნებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება. ამის შესახებ აღნიშნულია კომიტეტის ინფორმაციაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ საკუთარ ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნა.

კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია:

„აღნიშნული საქმე ეხება მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, ვინაიდან არ გვაქვს საკმარისად დასაბუთებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები მომჩივანის, ყოფილი პრემიერ- მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებით, გამომდინარე სერიოზული ეჭვიდან, რომ ადგილი აქვს ერთ ან რამდენიმე დარღვევას და აგრეთვე დარღვეულია მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად, რადგან წინასწარი პატიმრობის პერიოდი მთავარი პროკურორის მიერ გამოყენებული იქნა არასამართლებრივი მიზნისთვისაც, რომ ზეწოლა მოეხდინათ ბრალდებულზე, მისგან იმ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომელიც არ იყო დაკავშირებული მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან“,- აღნიშნულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მომჩივანის მოთხოვნა სრულად არის დაკმაყოფილებული და მას მიეცა საშუალება ხელახლა დაიწყოს სამართალწარმოება ამ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ამავდროულად ის კონსოლიდირებულ პატიმრობას იხდის, რომელიც 2020 წლის თებერვალში სრულდება, იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც წინამდებარე საქმესთან კავშირში არაა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ახალი გამოძიება დაწყებულია იმ ფაქტებზე, რაც საფუძვლად უდევს მე-18 მუხლის დარღვევას.

„მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ როგორც ინსტიტუციონალურად, ისე პრაქტიკაში, ეს გამოძიება საქმეში ჩართული ყველა პირისგან დამოუკიდებლად ჩატარდეს, რომ მოხდეს პასუხისმგებელი პირების დადგენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა; რომ ეს გაკეთდეს ფართო მხედველობის ველიდან, რათა დადგინდეს მოახდინა თუ არა ზეგავლენა ამ მოვლენებმა სისხლის სამართლის წარმოებაზე; ეს საქმე სწრაფად და გულდასმით იქნას გამოძიებული“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტ​ი თხოვს ხელისუფლებას, მიაწოდონ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ საკითხებზე და მოვლენების შესაბამის განვითარებაზე.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტ​ი​ აღნიშნავს, რომ 18-ე მუხლის ფარგლებში, სასამართლოს დადგენილების სიმძიმისა და უკანონო მიზნების გამო, კანონმდებლობისთვის გვერდის ავლის თავიდან არიდების მნიშვნელობის გათვალისწინებით, პროკურატურის მიმდინარე რეფორმა და განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო ცვლილებები, მიზნად ისახავს მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას, რაც ახალისებს ხელისუფლებას დაფიქრდეს დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობაზე, და მხედველობაში იქონიოს ახალი გამოძიების შედეგი.

„მივესალმებით, რომ ამ კონტექსტში, 2015 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლიც ხაზს უსვამს ვალდებულებას – სასამართლოებმა ეფექტურად გაუწიონ ზედამხედველობა წინასწარ პატიმრობას, მათ შორის უზრუნველყონ, რომ კარგად იყოს დასაბუთებული პატიმრობაში დატოვების ან ვადის გახანგრძლივების მიზეზები  და ამასთანავე, იზრუნოს, რომ შესაბამისი ზომები გატარდება როგორც გადამზადებით, ისე ცნობიერების ამაღლების კუთხით, იმისთვის რომ ახალი რეგულაციები სათანადოდ დაინერგოს“- ნათქვამია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმაციაში.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, საშუალება მისცეს გამოძიებას, ჰქონდეს წვდომა რელევანტური მობილური ტელეფონების მონაცემებზე და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეიტანოს ცვლილება რეგულაციებში, რომელიც მოითხოვს, ციხისა და წინასწარი დაკავების დაწესებულებებიდან, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ხუთ დღეზე მეტი პერიოდით იქნას შენახული.

შეგახსნებთ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ვანო მერაბიშვილის საქმის გადაწყვეტილებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ინფორმაცია ორი დღის წინ გამოაქვეყნა.

სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.