ევროპის საბჭო თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდასაჭერად პროექტს განახორციელებს
ევროპის საბჭო თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდასაჭერად პროექტს განახორციელებს

ევროპის საბჭომ ახალი ორწლიანი პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანია არასრულწლოვან და მოზრდილ თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში, მათი ეფექტიანი მართვა და სათანადო მოპყრობის გაუმჯობესება.

პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად: დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულთა მართვა ევროპული სტანდარტის შესაბამისად; პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვან მსხვერპლებთან და დამნაშავეებთან სამუშაოდ; ეროვნული მონიტორინგის ორგანოების (სახალხო დამცველის აპარატი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობა, მონაწილეობა მიიღონ პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგში.

ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძემ გახსნეს.

„ჩვენ დღეს ვიწყებთ პროექტს, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია არასრულწლოვანი და ზრდასრული თავისუფლებააღკვეთილი პირების მხარდაჭერაზე. ეს არის ადამიანის უფლებებზე მიმართული პროექტი და ძირითადად განიხილავს იმ სიტუაციას, რაც არსებობს დაკავებულების მიმართ დროებითი დაკავების იზოლატორებში. ჩვენი მთავარი პარტნიორია საქართველოს შსს. მთავარი ყურადღების საგანი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა დროებითი დაკავების იზოლატორებში. ასევე ყურადღებას გავამახვილებთ დაკავებულების მიმართ მოპყრობაზე და ამ მიმართულებით გვეყოლება სხვა პარტნიორები – სახალხო დამცველი, რომელიც არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო, ასევე სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც ახალი ორგანოა. ასევე ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ საჩივრების განხილვას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული იქნება დაკავებული პირების მოპყრობასთან დაკავების იზოლატორებში. ეს იზოლატორები პოლიციის დაქვემდებარებაშია. ჩვენ ადრე განვახორციელეთ პროექტი და ვითანამშრომლეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან. ძირითადად, ჩვენი მუშაობის საგანი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებების მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ და ჩვენი ეს ახალი პროექტი სწორედ ამ ადრე განხორციელებულ სამუშაოს დაეფუძნება. ჩვენი მიზანი იქნება ის, რომ დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით გაიზარდოს შესაბამისობა არსებულ სტანდარტთან“, – განაცხადა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ.

პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს სხვადასხვა ინსტიტუტთან. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შემდეგი უწყებებისა და განყოფილებების მეშვეობით: დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი, შსს-ს აკადემიის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის განყოფილება; სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაციები.