ვაკის გამგეობა რაიონში ორ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

11:55, 06.05.2026

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ასევე ცხვედაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. 

როგორც დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები იწყება. 

„პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, მეორე ეტაპზე კი ვაკის რაიონის გამგეობა გზის საფარს, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე მთლიანად განაახლებს. შედეგად, ერთკილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 800 000 ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, ვაკის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ პროექტს ცხვედაძის ქუჩის N60-ის მიმდებარედ ახორციელებს და გრუნტის დამჭერ კედელს აწყობს.  

„უსაფრთხოების მიზნით აშენებული კედლის სიგრძე, დაახლოებით, 86 მეტრი, სიმაღლე კი 10 მეტრამდე იქნება. მთლიანად ტერიტორიაზე 262 ხიმინჯი მოეწყობა და მათი საერთო სიგრძე 2 100 მეტრს შეადგენს. დამცავი კედლის მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 675 000 ლარი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა. 

მსგავსი