ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ გამოიწვია თრომბოემბოლია
ევროპის მედიკამენტების სააგენტო საქმის კურსშია, რომ დანიის ხელისუფლებამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია შეწყვიტა, – ამის შესახებ საუბარია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება დანიამ სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე მიიღო, ვიდრე დასრულდება გამოძიება, რომელიც აცრილ პაციენტებში თრომბების განვითარების შემთხვევებს იკვლევს. მათ შორის, ერთი შემთხვევა დანიაში პაციენტის გარდაცვალებას უკავშირდება. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია დროებით შეაჩერა ევროკავშირის კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის არ არსებობს არავითარი მინიშნება, რომ თრომბი, რომელიც ვაქცინის გვერდითი ეფექტების ნუსხაში აღრიცხული არ არის, ვაქცინაციამ გამოიწვია. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის პოზიცია „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით შემდეგია: „ვაქცინის სარგებელი აღემატება მის რისკებს და ვაქცინის დისტრიბუცია შეიძლება, გაგრძელდეს, ვიდრე მიმდინარეობს გამოძიება თრომბოემბოლიური მოვლენების შემთხვევებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
უსაფრთხოების კომიტეტი ასევე შეისწავლის თრომბოემბოლიური მოვლენების ყველა შემთხვევას და თრომბებთან დაკავშირებით სხვა ვითარებას, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ იყო აღრიცხული.
როგორც განცხადებაშია განმარტებული, თრომბოემბოლიური მოვლენები აცრილ პირებში არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევებში ფიქსირდება. 10 მარტის მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, „ასტრაზენეკათი“ აცრილ ხუთ ათასამდე ვაქცინირებულზე 30 თრომბოემბოლიური მოვლენა დაფიქსირდა.