კომპანია „ასტრაზენეკაში“ აცხადებენ, რომ მათი წარმოების ვაქცინის ბუსტერდოზა „ომიკრონის“  წინააღმდეგ ეფექტურია
კომპანია „ასტრაზენეკაში“ აცხადებენ, რომ მათი წარმოების ვაქცინის ბუსტერდოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტურია

შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ განცხადებით, „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მათი ვაქცინის, Vaxzevria-ს მესამე ანუ გამაძლიერებელი დოზა კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტურია.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მკვლევრების დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მესამე დოზა „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ისეთივე ეფექტურობით გამოირჩევა, როგორც ორჯერადი აცრის შემთხვევაში, „დელტა“ შტამის წინააღმდეგ. ამასთან, მკვლევრების ინფორმაციით, მესამე აცრის შემდეგ ანტისხეულების გამანეიტრალებელი უნარი „ომიკრონის“ მიმართ იყო უფრო მაღალი, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც ვირუსი ბუნებრივად გადაიტანა.

„ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მკვლევრებმა კვლევები 41 ადამიანისგან აღებულ სისხლის ნიმუშებზე ჩაატარეს. სისხლის ნიმუშები ეკუთვნოდა პირებს, რომლებმაც ვირუსი ბუნებრივად გადაიტანეს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ორჯერ ან სამჯერ იყვნენ აცრილი. ამასთან, ფარმაცევტული კომპანიის განცხადებით, მიუხედავად მათი ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის ეფექტურობისა, „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.