ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი 14 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გამოცხადდა
ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისთვის კონკურსი გამოცხადდა
წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის მწერალთა საბჭო და ევროპელ გამომცემელთა ფედერაცია ევროპული კომისიის ორგანიზებით აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს მწერლებისთვის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან.
2019 წლის პრიზის მოსაპოვებლად შერჩეულ იქნა 14 ქვეყანა, ესენია: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა აღნიშნულ კონკურსში პირველად მონაწილეობენ მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა.
კონკურსში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს.
საქართველოში შერჩეულ იქნა 5-კაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნატალია ლომოური, მედეა მეტრეველი, თინათინ ბერიაშვილი, პაატა შამუგია და დათო ბარბაქაძე.
მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი კონკურსის პირობებსა და შერჩევის კრიტერიუმებს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
საკონკურსოდ წიგნისა და ავტორის წარდგენა შესაძლებელია გამომცემლობის მიერ. თითოეულ გამომცემელს შეუძლია არაუმეტეს 5 მხატვრული (არა საბავშვო ან დოკუმენტური) წიგნის წარდგენა. ჟიურის წევრებს ასევე აქვთ საკონკურსო კანდიდატების წარდგენის უფლება.
ჟიური 2019 წლის 28 მარტს გამოაქვეყნებს მოკლე სიას (მაქსიმუმ 5 წიგნს), 15 აპრილს გამოვლინდება გამარჯვებული, 2019 წლის სექტემბრის ბოლოს კი, ბრიუსელში გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
გამარჯვებული გამოვლინდება თოთხმეტივე ქვეყანაში და მიიღებს ფულად ჯილდოს 5 000 ევროს ოდენობით. გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოქვეყნდება ერთ კრებულად და გამოიცემა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
საკონკურსო წიგნები 2019 წლის 22 თებერვლამდე მიიღება.