კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული კონკურსის „წლის საუკეთესო“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული კონკურსის „წლის საუკეთესო“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის „წლის საუკეთესო“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

1. „წლის საუკეთესო რომანი“ გამარჯვებული – გელა ჩქვანავა, „კადრილი“;

2. „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ გამარჯვებული – ნიკოლოზ ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“;

3. „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ გამარჯვებული – ნინო ქადაგიძე, „მინიატურები“;

4. „წლის საუკეთესო პიესა“ გამარჯვებული – ელენე მაცხონაშვილი, „ყვავი რო მოვა“.

გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის რეჟისორი იყო მანანა ბერიკაშვილი. ღონისძიებას, რომელიც მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა „ქვინთესენსი“, უძღვებოდნენ ვასო აბაშიძის ახალი თეატრის მსახიობები – არჩილ სოლოღაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ტატო ჩახუნაშვილი, ნინო მითაიშვილი.

შეგახსენებთ, ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქეთევან დუმბაძის ინიციატივით წელს დაფუძნდა. მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში 82 განაცხადი შემოვიდა. მათგან 79 საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი იყო ავტორების, ხოლო სამი – გამომცემლობების მიერ. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენდა 5 000 ლარს.