რიყის პარკში დღეს საქართველოში ევროპის დღეების გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყობა „ევრო სოფელი“, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მისასალმებელი სიტყვით მიმართავს და ევროპის დღეების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე ისაუბრებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყობა.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღებენ საჭირო დოკუმენტებს და იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახავენ საზღვარს, რის შემდეგაც მოხვდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა გაზრდაა.
ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, მოეწყობა შეხვედრები რეგიონებში, ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და მერებისათვის, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში. გაიმართება გამოფენები, დებატები ა.შ. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია პროექტი სტუდენტებისთვის „ევროპული ახალგაზრდობა“, სემინარი მასწავლებლებისათვის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“, საჯარო ლექციები პროექტის „მე-ევროპელი“ ფარგლებში და სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.
„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.