ევროპელი ბანკირები თითქმის ერთხმად აღიარებენ, რომ სექტორი ბანკების შერწყმისა და გაერთიანების გზით უნდა წავიდეს. ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.
ტელეკომპანიის მიხედვით, მიუხედვადა იმისა, რომ ფინანსური კრიზისის შემდეგ 10 წელი გავიდა, ევროკავშირის საბანკო სექტორმა ფაქტობრივად ვერ აღადგინა კრიზისამდე არსებული მოგება. ევრობლოკის ზოგიერთმა ქვეყანამ დღემდე ვერ მოახერხა საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაცია და უიმედო სესხების პრობლემის მოგვარება. ამის გამო, დღეს ევროპელი ბანკირები თითქმის ერთხმად თანხმდებიან, რომ რეგიონში ბანკების რაოდენობა შერწყმისა და გაერთიანების გზით უნდა შემცირდეს.
აღნიშნული დამოკიდებულება ღიად გამოიხატა ოთხშაბათს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, პოპულარული გერმანული ბიზნესგამოცემის, Handelblatt-ის მიერ გამართულ საბანკო კონფერენციაზე, სადაც ევროკავშირის წამყვანი ბანკირები შეიკრიბნენ.
ოფიციალური სტატისტიკით, ევროკავშირის საბანკო სექტორში 2008 წელს 8 570 ბანკი ფუნქციონირებდა. ეს რიცხვი 2016 წლისთვის 6 648 -მდე შემცირდა, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ შემცირების ტენდენცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. საბანკო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ ბანკების შერწყმისა და გაერთიანების პროცესს ხელი ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც უნდა შეუწყოს.
ბანკირების აზრით, მნიშვნელოვანია, რომ შერწყმა და გაერთიანება მხოლოდ ერთი ქვეყნის საბანკო სექტორის შიგნით კი არ განხორციელდეს, არამედ ქვეყნებს შორისაც.
ორი ქვეყნის საბანკო სექტორებს შორის შერწყმა რომ უფრო მიმზიდევლი გახდეს, ბანკირები მარეგულირებლებს ქვეყნებს შორის კაპიტალის მიმოქცევის წესების შერბილებას ურჩევენ.
„ევროპას არ სჭირდება რაც შეიძლება მეტი ბანკი, მას უპირველეს ყოვლისა სჭირდება ძლიერი ბანკები“,-განაცხადა უმსხვილესი ევროპული ბანკის, გერმანული Deutsche Bank-ის ხელმძღვანელმა, ქრისტიან ზევინგმა.