ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი - უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლის ველად ქცეული
საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლის ველად ქცეული, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი რუმინეთიდან, კრისტიან ტერჰესი „ფეისბუქზე“ წერს.
ტერჰესი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავასთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან შეხვედრას აჯამებს.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავასთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაისთან, რა დროსაც გავაგრძელეთ ის საკითხები, რომლებიც 2019 წლის დეკემბერში თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განვიხილეთ. მე მათ მადლობა გადავუხადო იმ თბილი დახვედრისთვის, რომელიც ევროპარლამენტის ყველა წევრმა, მათ შორის მეც, მივიღეთ თბილისში დეკემბერში. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა შესანიშნავი, ძლიერი ხალხით და ვიზიტორი შთაბეჭდილების ქვეშ იქნება მათი სტუმართმოყვარეობით“,- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.
კრისტიან ტერჰესის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი იყო
„პირველი საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებთან დაკავშირებული სიტუაცია. კვლავ ვრცელდება ცნობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ შევიწროებისა და მუქარების შესახებ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.
მე კიდევ ერთხელ დავარწმუნე დელეგაცია საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩემს სრულ მხარდაჭერაში.
ჩვენს მიერ განხილული მეორე საკითხი იყო ეკონომიკა და ზრდის შესაძლებლობები.საქართველოს ბიზნესის მაღალი პოტენციალი აქვს, რაც დაკავშირებულია მის კარგ პროდუქტებთან, როგორიცაა ღვინო, და მაღალი ხარისხის მომსახურებასთან, როგორიცაა ტურიზმი. ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტების და სერვისების უფრო ძლიერი წარმომადგენლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, – აცხადებს ტერჰესი.
ტერჰესის განცხადებით, ქართველ დეპუტატებთან საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებიც განიხილეს.
„უკანასკნელი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი, მესამე საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო საქართველოს ამჟამინდელი შიდა სიტუაცია, განსაკუთრებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის 21 იანვარს გაკეთებული უსამართლო განცხადებების შემდეგ. ქართველები მრავალი წელია, მხარს უჭერენ ქვეყნის გზას ევროპისა და ნატო-სკენ. დემოკრატიული გზისადმი ამ ერთგულების გამო, საქართველო ამ დრომდე იხდის მაღალ საფასურს რუსეთის ფედერაციის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციით.
საქართველომ გაიარა ღრმა დემოკრატიული რეფორმები ბოლო წლებში, რამაც აჩვენა ქვეყნის და მისი მთავრობის ერთგულება დასავლური გზისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი, კერძოდ კანონის უზენაესობისადმი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისადმი.
ამას გარდა, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის მსოფლიოს დემოკრატიული ოჯახის ერთგული და პასუხისმგებლიანი წევრი და ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო პარტნიორი. ნებისმიერმა შიდა პოლიტიკურმა დებატმა საქართველოში, რაც ნორმალურია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, არ უნდა დაჩრდილოს რეფორმები და საქართველოს მიერ ბოლო წლებში ძლიერი სიმტკიცით მიღწეული პროგრესი. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ქცეული ბრძოლის ველად ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საარჩევნო სისტემა, რომელიც მას საუკეთესოდ მიესადაგება, თუ ეს დემოკრატიულ ჩარჩოებში ჯდება. უცხოელი დამკირვებლების როლი, დარწმუნდნენ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია და ამავე დროს პატივს სცემს ხალხის უფლებას, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენელი. საქართველო იქნება ძლიერი, ვიდრე მისი ხალხი ერთიანია. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ქართველებს, დააყენონ საკუთარი ქვეყანა პირველ ადგილზე და არ დაუშვან, რომ პოლიტიკურმა უთანხმოებებმა, რომლებიც ნორმალურია დემოკრატიისთვის, დაყონ ისინი“,- წერს ევროპარლამენტის წევრი „ფეისბუქზე“.