ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მოამზადა
ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მოამზადა

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მოამზადა. დოკუმენტში მიმოხილულია სასამართლო რეფორმის მიზნები და ამოცანები, ასევე გაკეთებულია საერთო სასამართლოების სისტემის არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი.

დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის არსებული ინსტიტუციური გამოწვევები და სამომავლო სარეფორმო საკითხები.

კერძოდ, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ქართული მართლმსაჯულების შემდგომ განვითარებაზე მუშაობა, ვინაიდან მაინც რჩება გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას.

„მაგალითად, გამოსაყოფია ისეთი გამოწვევები, როგორებიც არის:

1. მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა, დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადაში შესასრულებლად და საქმიანობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად;

2. სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირება და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, რისთვისაც აუცილებელია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სათანადო განვითარება და ხელშეწყობა, როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით;

3. სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარების კიდევ უფრო ხელშეწყობა;

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების გაუმჯობესება;

5. მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება;

6. მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო განვითარება;

7. საზოგადოების ინფორმირებულობისა და მასთან კომუნიკაციის გაზრდის გზით სასამართლოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება, სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება;

8. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება;

9. სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის გაფართოება;

10. მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სერვისების დანერგვა;

11. შშმ-პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სათანადო გარემოს შექმნა;

12. თარჯიმნის სერვისის გაუმჯობესება, რათა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ჯეროვნად იქნას უზრუნველყოფილი;

13. იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა მან ჯეროვნად შეძლოს სათანადო რაოდენობის იუსტიციის მსმენელთა მომზადება, რაც აუცილებელია 2025 წლის პირველი იანვრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის;

14. მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვროს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევის პროცედურაში საბჭოს წევრობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის ვალდებულება;

15. მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც. კერძოდ, მიზანშეწონილია, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცესში საბჭოს წევრობის კანდიდატს მიეცეს მოსამართლეთა კონფერენციისთვის თავისი ხედვების წარდგენის შესაძლებლობა;

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის გადაწყვეტილებით 24 არაკონსტიტუციურად ცნო გარკვეული საკანონმდებლო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების სფეროში სამომავლოდ განსახორციელებელი ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების მიზანი უნდა იყოს არა მართლმსაჯულების დაბრკოლება და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების შეფერხება, არამედ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების შეუფერხებლად დაცვის უზრუნველსაყოფად სასამართლო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და რეპუტაციული ზიანისგან სასამართლოს დაცვა.

„ამიტომ სხვადასხვა ფორმატში დღემდე გაჟღერებული ისეთი შემოთავაზებები, განსაკუთრებით ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, როგორებიც არის, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის გაზრდა (ე.წ. ორმაგი 2/3) და სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესის შეცვლა (სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა ე.წ. საარჩევნო კამპანიის წარმოების გზით), არის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, არ ეფუძნება დამკვიდრებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საბოლოოდ მართლმსაჯულების შეფერხებასა და სასამართლოში მისთვის შეუფერებელი პოლიტიკური პროცესების გაღვივებას გამოიწვევს“, – ნათქვამია დოკუმენტში.