ევროკომისიის კვლევით, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებითაა შეშფოთებული, გამოკითხულთა 50% ყველაზე დიდ გამოწვევად - უკრაინის ომს, 41% კი არალეგალურ მიგრაციას მიიჩნევს
ევროკომისიის კვლევით, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებითაა შეშფოთებული, გამოკითხულთა 50% ყველაზე დიდ გამოწვევად - უკრაინის ომს, 41% კი არალეგალურ მიგრაციას მიიჩნევს

ევროკომისიის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი უსაფრთხოებით არის შეშფოთებული.

გამოკითხულთა დაახლოებით 47%-მა განაცხადა, რომ ისინი „საკმაოდ შეშფოთებულნი არიან“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის უსაფრთხოებით, 17% კი ამბობს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“. ამ გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მეტად უსაფრთხოების საკითხები პორტუგალიის მოქალაქეებს აწუხებთ, შემდეგ მოდის გერმანია.

„იპსოსმა“ ონლაინ გამოკითხვა ივნისი-ივლისის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა ევროკავშირის 25 000-მდე მოქალაქემ მიიღო.

გამოკითხვის მიხედვით,  ევროკავშირის მოქალაქეების დაახლოებით 58% კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით, 37 % კი – პესიმისტურად.

გამოკითხული მოქალაქეების დაახლოებით 50% მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის ამჟამინდელი ყველაზე დიდ გამოწვევა უკრაინის ომია, ხოლო გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა არალეგალური მიგრაციაა.

ცნობისთვის, პოლონეთში გამოკითხულთა 70% უკრაინაში არსებულ ვითარებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხედ მიიჩნევს, 30% კი მას უმნიშვნელოს ან არარსებულს უწოდებს.