ევროკომისიის  ანგარიში - საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები კვლავ აქტუალური საკითხია
ევროკომისიის ანგარიში - საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები კვლავ აქტუალური საკითხია

ზედიზედ მესამე წელია, თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. ამის შესახებ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 4.1% -მდე შემცირდა (2018 წლის 4.7% -თან შედარებით). 2020 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 3,795 თავშესაფრის განაცხადი, რაც 42% -ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„საქართველომ განაგრძო კარგი თანამშრომლობა საკუთარი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებით. 2019 წელს დაბრუნების მაჩვენებელი 52% – მდე შემცირდა (2018 წელთან შედარებით 65%), ეფექტიანად მოხდა საქართველოს 8,520 მოქალაქის დაბრუნება. რადგან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რეადმისიასთან დაკავშირებით კარგ თანამშრომლობას აღნიშნავენ, დაბრუნების მაჩვენებლის შემცირება არ უნდა აღიქმებოდეს როგორც არადამაკმაყოფილებელი მუშაობა ან ცვლილებები თანამშრომლობის პროცესში. დაბრუნებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები შეიძლება მიეწეროს ზოგიერთი იმ წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციულ პროცედურებსაც, სადაც ხვდება უკან დასაბრუნებელი არალეგალური მიგრანტების უმეტესი ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონული სისტემა (RCMS) შეიმუშავა. ამ სისტემას ამჟამად 17 წევრი ქვეყანა იყენებს, რომელიც მისი გამოყენებით კმაყოფილია და განსაკუთრებით აფასებს საქართველოს მიერ განაცხადების დროულ განხილვას. რეადმისიის მოთხოვნებზე დადებითი პასუხების მაჩვენებელი არის 98%. ამ სისტემას სხვა მესამე ქვეყნებისთვის ხშირად საუკეთესო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების მაგალითად მოიხსენებენ“ , – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და შენგენის ასოცირებულ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები კვლავ აქტუალური საკითხია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე და არსებით ძალისხმევას მოითხოვს.

„თავშესაფრის მოთხოვნები ხშირად ბოროტად გამოიყენება ევროკავშირში სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს პრობლემის მოგვარებას და ევროკომისიასთან, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა უწყებებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ოპერატიული ქმედებების კომპლექის შემოღებაზე მუშაობს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს იმ გამოწვევების შემცირებას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ არალეგალურ მიგრაციასა და დანაშაულებს ეხება. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ბოროტად გამოყენების გასაჩერებლად, საქართველომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რაც, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ყოფნის ხელშეწყობისთვის და ასევე საერთაშორისო დაცვის (მაგალითად, თავშესაფრის) მოპოვების მიზნით გაყალბებული ინფორმაციის მოწოდებაში დახმარებისთვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქართველომ აიღო ვალდებულება კიდევ უფრო შეეზღუდა გვარების შეცვლის პროცედურა (რაც 2018 წელს უკვე შეიზღუდა)“,- წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველომ მიიღო ცვლილებები კანონში „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, რომლითაც შემოიღო უფრო მკაცრი რეგულაციები და უფრო მკაფიო კრიტერიუმები, იმის გადასაწყვეტად, შეიძლება თუ არა მსჯავრდებულმა დატოვოს ქვეყანა.

„საზღვრის მართვის სფეროში, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX) თანამშრომლობა გააძლიერა. ევროკავშირის აეროპორტებში საქართველოდან ჩამოსული არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად, ფრონტექსმა, საქართველოს ხელისუფლებასთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, 2019 წლის გაზაფხულზე ერთობლივი ინიციატივა (Joint Activity) აამოქმედა. მის ფარგლებში ფრონტექსის ექსპერტები საქართველოს საპატრულო პოლიციის დასახმარებლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიგზავნენ. აეროპორტებში ექსპერტებს საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის უნდა გაეწიათ კონსულტაცია საქართველოს მოქალაქე მგზავრების შენგენის ზონაში გამგზავრების დაშვებასთან დაკავშირებით. ამის პარალელურად, 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში, ოთხი პოლიციელი საქართველოდან ყოველთვიურად ევროკავშირის განსაზღვრული წევრი სახელმწიფოების აეროპორტებში იგზავნებოდა, რათა დამკვირვებლების სტატუსით ადგილობრივ მესაზღვრეებს დახმარებოდნენ. ამჟამად COVID-19- ის პანდემიის გამო ეს ოპერაცია შეჩერებულია. 2020 წლის ივნისში, კომისიამ ფრონტექსსა და საქართველოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება დაამტკიცა, რომელიც მოიცავს უკანონო მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სასაზღვრო მენეჯმენტის სფეროში დაბრუნების ჩათვლით, ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაცვლას და ასევე რისკის ერთობლივი ანალიზის ჩატარებას ითვალისწინებს. 2019 და 2020 წლებში ევროკავშირის ექსპერტები ევროკომისიის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) საშუალებით მივლინებულები იყვნენ საქართველოში, იმისთვის რომ ქვეყნის ხელისუფლებისთვის რჩევა მიეცათ საზღვრებზე გასვლის წინა შემოწმების ჩასატარებლად საკანონმდებლო ჩარჩოს საჭირო ცვლილებებთან დაკავშირებით. ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს მთავრობამ სამი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. მათგან მესამე სპეციალურად გამიზნული იყო თავშესაფრის პოტენციური მაძიებლებისთვის, რაც ხაზს უსვამს საქართველოს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას, დაექვემდებაროს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.