ევროკომისიამ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გეგმა წარადგინა
ევროკომისიამ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გეგმა წარადგინა

ევროკავშირი ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის გაძლიერებას აპირებს. ამისთვის ევროკომისიამ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული სამოქმედო გეგმა წარადგინა.

გეგმის შემუშავების მიზანი 2019 წელს ევროპარლამენტსა და 2020 წელს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებში შესაძლო ჩარევისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

„უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი დემოკრატია უკეთ დავიცვათ დეზინფორმაციისგან. ვიხილეთ არჩევნებსა და რეფერენდუმებში ჩარევის არაერთი შემთხვევა და ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ დამნაშავე უმრავლეს შემთხვევაში რუსეთია“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ბიუჯეტის გაზრდა. კერძოდ, 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ სტრატეგიულ კომუნიკაციებზე 5 მილიონი ევრო დაიხარჯება. ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია იმ უწყების თანამშრომელთა გაზრდა, რომელსაც დეზინფორმაციის გამოვლენა ევალება.

2019 წლის მარტიდან დეზინფორმაციულ კამპანიებზე სწრაფი რეაგირების სისტემაც ამოქმედდება, რომლის საშუალებითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყალბი ამბების გავრცელების შესახებ ინფორმაციას მარტივად და სწრაფად მიიღებენ.