ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დანაშაულად ჩაითვალოს
ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დანაშაულად ჩაითვალოს

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დანაშაულად ჩაითვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამჟამად, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევა დანაშაულად არის გამოცხადებული ევროკავშირის 12 წევრ ქვეყანაში. ზოგიერთ სახელმწიფოში სასანქციო რეჟიმისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია, სხვებში კი ადმინისტრაციულ სასჯელს იწვევს. კერძოდ, ევროკომისია გამოდის წინადადებით, სანქციების დარღვევა 27 წევრ სახელმწიფოში დანაშაულად გამოცხადდეს.

„ამ ინიციატივის ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ შემზღუდავ ზომებს დამრღვევი ინდივიდუალური პირებისა თუ კომპანიების აქტივები კონფისკაციას დაექვემდებარება“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქებისა და პუტინის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისთვის ჩამორთმეული უძრავი ქონების ღირებულება 10 მილიარდ ევროს აღწევს, კიდევ 20 მილიარდი დაყადაღებულია მათ საბანკო ანგარიშებზე.

თუმცა, ვიდრე ეს ქონება კონფისკაციას დაექვემდებარება და გაიყიდება, ოლიგარქებს ბრალი უნდა დასდონ ან სანქციებისთვის თავის არიდებაში, ან სხვა დანაშაულში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, დაყადაღებული აქტივები უშუალო კავშირში უნდა იყოს იმ დანაშაულთან, რომელშიც მათ ბრალს დასდებენ.

ევროკომისიის წინადადება, რომელიც ჯერ ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ და შემდეგ ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ასევე ითვალისწინებს იმ პირთა დაჯარიმებას, ვინც სანქციების დარღვევას ხელს უწყობს, ბრალდებულების ადვოკატებსა და ბანკირებს.

ამას გარდა, ევროკომისია გამოდის წინადადებით, კრიმინალების კუთვნილი აქტივების კონფისკაცია ზოგადადაც გაადვილდეს. კერძოდ, ბრიუსელი გამოდის ინიციატივით, რომ კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებულთა ქონება და აქტივები სასამართლოს განჩინების გამოცემამდე დაყადაღდეს, რათა მათ მისი სხვა ქვეყნებში გადატანა ვეღარ შეძლონ.

„ახალი დირექტივის მიღების შემთხვევაში ჩვენ უფრო ეფექტურები გავხდებით“, – განაცხადეს ევროკომისიაში.